შერის კარიერა თითქმის 6 ათწლეულს ითვლის, თუმცა ის აქტუალობას არასდროს კარგავს. ამის კიდევ ერთი დასტურია მისი გამოჩენა პარიზის მოდის კვირეულზე გამართულ ბალმანის შოუზე და ახლა, ლოგიკურად, ბრენდის ახალ კამპანიაში. ლეგენდარული მომღერალი ჩანთა Blaze-ის სახეა.

“პატარა ჩანთები არასდროს მომწონდა, მათი ტარებისას თავს სულელად ვგრძნობ, მაგრამ ეს ჩანთა ძალიან მომწონს. იმისთვის რომ ის სრულად შეიგრძნო, აუცილებლად უნდა დაიჭირო ხელში. ძალიან მომწონს სხვადასხვა ფერის მბზინავი მეტალი,” – ამბობს შერი ვოგთან. ამავე ინტერვიუში მან თავისი პირველი დიდი ფოტოსესიაც გაიხსენა. მისი თქმით, ბალმანის კამპანიისთვის პოზირებამ რიჩარდ ავედონთან მუშაობა გაახსენა.

მაშინ, როდესაც შერი 19 წლის იყო ერთ-ერთ წვეულებაზე დიანა ვრილენდი გაიცნო. “ეს უცნაური ქალბატონი ჩემთან მოვიდა, ნიკაპზე ხელი მომკიდა და მითხრა “ჩემო ძვირფასო, შენ ძალიან ლამაზი ხარ. რიჩარდს შენი თავი აუცილებლად უნდა გავაცნო!” მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო დიანა. მაგრამ ის ნამდვილად ყველაზე შესანიშნავი ქალი იყო, რომელსაც ოდესმე შევხვედროდი.”
ბალმანის კრეატიულ დირექტორთან მუშაობაზე, შერმა აღნიშნა, რომ ოლივიეს პირადად ჩვენების საღამომდე არ შეხვედრია, თუმცა მათ სატელეფონო საუბრები ჰქონდათ. “მასთან მომენტალური კავშირი დავამყარე. იმ საღამოს პირველად ვნახე სამოსი რეალურ ცხოვრებაში და, ღმერთო ჩემო, ყველაფერი ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი იყო, ამასთან ძალიან გავერთეთ. ოლივიე ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მომეწონა რაც მას ეცვა, ვიფიქრე, რომ ჩემი შვილისთვის მინდოდა მისი სამოსი, რადგან ისიც ასე იცვამს. ყველა მოდელი პოდიუმზე უძლიერესი და ულამაზესი იყო. შოუმ Wizard of Oz გამახსენა.”