დღეს Courrèges შესაძლოა ისეთი საყოველთაოდ ცნობილი სახელი არ არის, როგორიც, მაგალითად, Chanel, Dior ან Saint Laurent, მაგრამ ეს არის ბრენდი, რომლის გამოჩენის შემდეგ მოდა ისეთი აღარ ყოფილა, როგორიც მანამდე იყო. მისი დამაარსებლის ანრე კურეჟის შემოქმედება მუდმივად ახდენდა და კვლავ ახდენს გავლენას სხვა დიზაინერებზე და მათ შორის, დიდი ალბათობით, თქვენი ფავორიტებიც არიან.

2020 წლის სექტემბერში ნიკოლა ჟესკიერის ყოფილი ასისტენტის, ნიკოლა დი ფელიჩის, მოდის სახლის შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნა ახალი ამაღელვებელი თავის დასაწყისი აღმოჩნდა. მან ბრენდისთვის თავისი პირველი ჩვენება მიმდინარე წლის მარტში, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე გამართა. ბელგიელმა დიზაინერმა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში  39 ლუქისგან შემდგარი კოლექცია წარადგინა, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ და გამორჩეულ ნამუშევრად შეფასდა. ნიკოლამ თავისი სადებიუტო ქმნილებებით Courrèges-ის მემკვიდრეობას პატივი მიაგო და თავისი ხედვაც წარმოაჩინა.  „ეს არის Courrèges, თუმცა უფრო ბელგიური,“ – განაცხადა მან. პრეზენტაციას „შემიძლია შენი გულისცემა ვიგრძნო“ ეწოდა და დღეს ჩვენ მისი მეორე ნაწილიც ვიხილეთ.

ჩვენება დი ფელიჩეს კაცის ხაზის პირველ კოლექციასაც მოიცავდა, რომელიც მასკულინურობის გამოკვეთილი იმიჯისგან შორს იდგა. დიზაინერი სამოსს კვლავ მინიმალისტურად მიუდგა, დეტალებზე კონცენტრირდა და მკვეთრი კონსტრუქციები შექმნა. მან ტანსაცმელზე ამოჭრილი დეტალები, ყელიანი ჟილეტები, მთლიანად თეთრსა და მიკრო-ჩეკში შემოთავაზებული ერთბორტიანი ქურთუკები, ტყავისა და ვინილის შარვლები და მაისურები, მაღალყელიანი ჩექმები, სახასიათო ფორმის სათვალეები შემოგვთავაზა. ფერთა პალიტრად კი შავის, თეთრის, ყავისფერის, ბეჟის, მუქი ლურჯის, ნარინჯისფერისა და ნათელი ყვითელის კომბინაცია შეარჩია. Courrèges-ის 2022 წლის პრე-კოლექციაში სამოციანი წლების სილუეტები თანამდროვედ და რელევანტურად გვესახება.

Courrèges ისევ მნიშვნელოვანია, ნიკოლას მორიგ კოლექციებზე ფიქრი კი დამაინტრიგებელი.

ჩვენების ჩანაწერი