ჩინეთთან დაკავშირებული მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რაც აისახა რამდენიმე ცნობილ ბრენდზე, LVMH-ის მფლობელობაში არსებული მოდის სახლები განაგრძობენ ჩინურ ბაზარზე პოზიციების გამყარებას.

გასული წლის აგვისტოში, კორონავირუსის პირველი ტალღის პარალელურად, Louis Vuitton-მა, ვირჯილ აბლოს ხელმძღვანელობით, კოლექციის ჩვენება შანხაიში მოაწყო.

ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შედარებით დასტაბილურებული პანდემიური რეალობის ფონზე, ფრანგული კომპანიის კიდევ ერთი დიდი მოდის სახლი, Dior მართავს შანხაიში ჩვენებას.

Dior -ის ახალი კოლექციის ჩვენების ჩანაწერი სრულად.


Dior-ის 2021 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციის ლოკაციად Long Museum შეირჩა, რომელიც შანხაის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

ჩვენება, ორგანიზაციული კუთხით, ყველა კომპონენტს აერთიანებდა, რაც პანდემიამდელ სამყაროში იყო მიღებული – იქნება ეს სტუმრების სიმრავლე, თუ პრეზენტაციის შემდეგ გამართული წვეულება. ჯამში, დიორის საღამოს, 1000-მდე მიწვეული სტუმარი ჰყავდა.


რაც შეეხება კოლექციას, პირველივე წამებიდან გამოიკვეთა დისკოს და 1970-იანი წლების გავლენა. მკვეთრი, თვალშისაცემი ფერები, მოკლე, A- ხაზის კაბები, ნაქსოვი წინდები, გლამური და რა თქმა უნდა, ბევრი სიბზინვარე. დისკოს ენერგეტიკას ამძაფრებდა საუნდტრეკი, რომელიც იტალიური დისკო-სცენის ლეგენდამ  Giorgio Moroder -მა სპეციალურად დიორის შოუსთვის შექმნა. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია ქიურიმ, კოლექციის შთაგონებაზე საუბრისას, ხაზი გაუსვა კიდევ ერთი იტალიელი ხელოვანის, Elio Fiorucci-ს შემოქმედებას. ეს უკანასკნელი, ისევ და ისევ 1970-იანი წლების, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერი იყო მილანში. მან აღიარება გამომწვევი და ნათელი ფერების საინტერესო კომბინაციებით დაიმსახურა.


პირველი ლუქები Dior-ის ახალი კოლექციიდან.

ფრანგული მოდის სახლის დისკო შოუს, ჩინურ პლატფორმებზე, ცოცხალ რეჟიმში, 126 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. გამომდინარე იქიდან, რომ ცნობილია ჩინელი მოსახლეობის განსაკუთრებული აქტივობა ძვირადღირებული ევროპული ბრენდების ჩვენებების დროს, Dior -ის პირველი წინა-საშემოდგომო კოლექციის პრეზენტაცია “See Now Buy Now” ბიზნეს-მოდელით გაიმართა, რაც მყიდველს აძლევს შესაძლებლობას, ახალი კოლექციიდან სასურველი ნივთი ჩვენების დასრულებისთანავე შეიძინოს.