ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღის ძლიერი დარტყმის გამო, პარიზის მაღალი მოდისა და კოპენჰაგენის მოდის კვირეულები, ისევე, როგორც პარიზის მამაკაცის მოდის კვირეული სრულად ციფრულ ფორმატში ჩატარდება, თუმცა Chanel -ის მოდის სახლი უკვე ემზადება კრუიზ კოლექციის ჩვენებისთვის. ფრანგულმა ბრენდმა განაცხადა, რომ ვირჯინია ვიარდი შანელის ახალ კრუიზ შოუს საფრანგეთში,  Les Baux-de-Provence-ში მდებარე ხელოვნების ცენტრში Carrières de Lumières-ში, 2021 წლის 4 მაისს გამართავს.

Chanel -ის ბოლო ჩვენება შატო შენონსოში (Château de Chenonceau), საფრანგეთში მდებარე სახელგანთქმულ სასახლეში, გასული წლის მიწურულს გაიმართა. ვირჯინია ვიარდმა შანელისთვის შექმნილი თავისი მეორე Métiers d’art კოლექცია წარადგინა. როგორი შეიძლება იყოს ახალი კოლექცია ამის წარმოდგენა უკვე შეგვიძლია, რადგან მოდის სახლის ახალ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შერჩეული ლოკაცია დასამახსოვრებელია 1960 წელს გადაღებული ფილმიდან, “Testament of Orpheus”, რომლის რეჟისორი და სცენარისტი გახლდათ, პოეტი Jean Cocteau – კოკო შანელის ერთ-ერთი ახლო მეგობარი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის შთაგონება სწორედ ამ ფილმის, პოეტი რეჟისორის და კოკოს ხედვის გარშემო იტრიალებს.

აღსანისნავია, რომ პანდემიის გამო, შანელს 2020 წლის კრუიზ შოუს გაუქმება მოუწია, რომელიც იტალიაში, 7 მაისს უნდა გამართულიყო.

Chanel

ჩვენების გაუქმებაზე განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა ცნობილმა ფრანგულმა ბრენდმა – ჟან პოლ გოტიეს ოტ კუტიურ ჩვენებას იანვრის ბოლოს არ ვიხილავთ, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ბრენდში ამბობენ, რომ ისინი კიდევ დაიცდიან და შოუს გამართავენ მაშინ, როდესაც შესაძლებელი იქნება შესაბამისად აღნიშვნა, მკაცრი შეზღუდვების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ამ ჩვენებას მოდის ინდუსტრია განსაკუთრებით ელოდა, ვინაიდან, 2020 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ლეგენდარული გოტიე პოდიუმიდან წავიდა, მან მოწვეული კრეატიული დირექტორების პროექტი დააანონსა. პროექტის ფარგლებში, ყოველ სეზონზე, ფრანგი დიზაინერი ახალ დიზაინერს მიიწვევს, რომელიც შექმნის იმ სეზონის კოლექციას. ინიციატივამ ინდუსტრიაში მღელვარება გამოიწვია, რადგან გოტიემ პირველ სტუმრად იაპონური ბრენდის, Sacai-ს დიზაინერი, Chitose Abe დაასახელა.

Jean Paul Gaultier & Chitose Abe

ოტ კუტიურ შოუს გადადების გადაწყვეტილება მიიღო ბალენსიაგამაც. დემნა გვასალიას პირველ ოტ კუტიურ კოლექციას, რომელიც იქნება, ბალენსიაგას 58 წლიან ისტორიაში, პირველი Haute Couture, 2021 წლის ივლისში ვიხილავთ.