“31 Rue Cambon” – ასე ერქვა ვირჯინია ვიარდის პირველ Métiers d’arts ჩვენებას შანელისთვის, რომელიც ოთხ დეკემბერს პარიზის Grand Palais-ში გაიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ კოლექცია მოდის სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი კოდების წარმოჩენას ემსახურებოდა, სიმბოლურად ის გაბრიელ “კოკო” შანელის პირველი მაღაზიის მისამართის სახელს ატარებს.

ჩვენების სივრცე გაბრიელ შანელის კერძო აპარტამენტის იმიტაციას ქმნიდა. კიბე კი, რომელზეც მოდელებს ლუქები გამოჰქონდათ იმ სარკეებიანი კიბის რეპროდუქცია იყო, რომელზეც კოკო თავის შოუებს შეუმჩნევლად ადევნებდა თვალს. დეკორის დიზაინის შექმნაში წვლილი სოფია კოპოლამაც შეიტანა, რომელსაც ადრეული ასაკიდან ჰქონდა ბრენდთან პირველი შეხება. 15 წლის ასაკში შანელში ინტერნობით დაიწყო, ახლა ის ბრენდის მრავალმხრივი პარტნიორია. დაწყებული ვიდეო რგოლის რეჟისურით დამთავრებული შოუს სივრცის მოწყობით, სოფია შანელთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს.
„სოფია შანელს კარგად იცნობს. მას ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა და მოსაზრება გააჩნია იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს ეს ბრენდი,“ – განაცხადა შანელის პრეზიდენტმა ბრუნო პავლოსკიმ.

ტვიდის ჟაკეტები, ჯაჭვის ყელსაბამები, მარგალიტები, კამელიები – ჩვენება ბრენდის ყველა ფუნდამენტურ კოდს აერთიანებდა.
კოკოს სახლის დეკორი კოლექციაშიც ვლინდებოდა. მაგალითად, მასში წარმოდგენილი იყო ოქროსფერი გალიის ფორმის ჩანთები, რომლებიც კოკოს სახლის კუთხეში მდგარი გალიით არის შთაგონებული.

ჩანთები გვევლინებოდა თანამედროვე მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებითაც. ჟაკქომუსის დაწყებულ ტრენდს შანელიც აყვა და ახლა მინიატურულ ჩანთებს საკულტო მოდის სახლის პოდიუმზეც ვხედავთ.

Métiers d’art შოუ პირველად 2002 წელს კარლ ლაგერფელდის ინიციატივით გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. მისი მთავარი მიზანი მოდის სახლის იმ პარტნიორების დიდებულების წარმოჩენაა, რომელთა ოსტატობითაც შანელის კოლექციების სრულყოფა ხდებოდა. ის ამისთვის 33 ქარხანასა თუ ბრენდთან თანამშრომლობს, რომელთა შორისაც არიან:
Lemarié (ბუმბულების და ყვავილების შექმნის სპეციალისტი)
Lesage (მქარგავი)
Atelier Montex (მქარგავი)
ვირჯინია ეტაპობრივად ანვითარებს თავის სასაუბრო ენას შანელში, ნელ-ნელა, თუმცა ეფექტურად იმ გაგებით, რომ ბრენდს თავის ყველა ღირსებას უნარჩუნებს და ქმნის სასურველ სამოსს, რომელშიც შანელისთვის დამახასიათებელი მარადიულობის ელემენტები შეაქვს.

„შანელის კოდები სრულიად ვშთანთქე. ვნახე რამდენნაირად გამოიყენა ისინი კარლმა. აქ გავიზარდე. მე კარლის და გაბრიელის შვილი ვარ,“ – ამბობს ვირჯინია.