მერი-ქეით და ეშლი ოლსენებმა ბრენდი “The Row” 2006 წელს დააარსეს. ტანისამოსისა და აქსესუარების ვარსკვლავური ბრენდების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ მოდის ბიზნესში, ოლსენებმა აღიარება მალევე მოიპოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახლა ბრენდის ღირებულება მილიარდ დოლარს აღწევს.  “The Row” – ს პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა გასულ ოთხ წელში, მას შემდეგ, რაც “Quiet Luxury” ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ტრენდი გახდა. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ახლახან ბრენდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიციაც მიიღო, მათ შორის მოდის ბიზნესში ყველაზე გავლენიანი ოჯახებიდან. “The Row” – ში წილი შეიძინეს ჟერარ და ალაინ ვერთჰაიმერებმა, ძმებმა, რომლებიც ფლობენ “შანელს”. მეორე ინვესტიცია კი, ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერს, “ლორეალის” მილიარდერ მემკვიდრეს ეკუთვნის.

მიუხედავად ინვესტიციებისა, Bloomberg ადასტურებს, რომ ბრენდის საკონტროლო წილის მფლობელები კვლავ მერი-ქეით და ეშლი ოლსენები არიან.