აქამდე პოდიუმზე უნებართვოდ მხოლოდ ცხოველთა დამცველი აქტვისტები იჭრებოდნენ, ამჯერად იუთუბერების ჯერი დადგა.

მარი ბენოლიელი, რომლის იუთუბ არხიც 231 000 გამომწერს აერთიანებს, შანელის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენების ფინალში მოდელებს შორის ჩადგა და მათთან ერთად გააგრძელა სიარული, სანამ პოდიუმს ჯიჯი ჰადიდი დაატოვებინებდა. რატომ მოიქცა ასე? მიზეზი მარტივია – შესაძლებლობა მიეცა და ოცნება აიხდინა.

კომიკოსს ყოველთვის სურდა შანელის ერთ-ერთი მუზა ყოფილიყო. მართალია ასე მხოლოდ თავად ისურვა, მაგრამ გუშინდელი დღიდან მოყოლებული ის არანაკლებ ასოცირდება შანელთან, ვიდრე ბრენდის სხვა სახეები.

მას ფსევდონიმით იცნობენ – Marie S’Infiltre, რაც გვეუბნება, რომ ის ყველგან არის. ეს ნამდვილად ასეა, რადგან სანამ შანელის პოდიუმს დაიპყრობდა ცოტახნით ადრე იგივე ეტამის ჩვენებაზეც გააკეთა.

მარის შემოქმედება „ჩვენი საზოგადოების ამომწურავი სატირაა,“ თუმცა შანელზე ამ წარმოდგენის მოწყობა სხვა მიზანსაც ემსახურებოდა. როდესაც მან პოდიუმზე ფეხი დედამისის მრავალი წლის ნაქონ პიჯაკში დადგა, უბრალოდ თავისი სურვილი დაიკმაყოფილა.

„შანელი მარადიულია. მინდოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ უსასრულობის ნაწილი ვყოფილიყავი.“ – მარი ბენოლიელი

რაც შეეხება ჯიჯი ჰადიდის მისდამი მოპყრობას, მარის თქმით ესმის ასე რატომაც მოიქცა და მის სიყვარულს მაინც გააგრძელებს.