მიუჩია პრადა 35 წლის განმავლობაში გვარწმუნებდა, რომ ის ყოველგვარი კლიშეს წინააღმდეგია და მუდამ სიახლის ძიებაშია. პრადას გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველასთვის მიუღებელს მიმზიდველს ხდის. ეს მხოლოდ სამოსს არ ეხება. მიუჩია მოდის ბიზნესში პიონერია და ვინ, თუ არა ის მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც მოდის ისტორიაში შევიდოდა, როგორც პირველი შემთხვევა, როდესაც 2 ძალიან წარმატებული, შემდგარი და ცნობილი დიზაინერი 1 ბრენდში თანაბარი პასუხისმგებლობით გაერთიანდა.

1 თვიანი ჭორების შემდეგ, რომელიც რაფ სიმონსის პრადასთან თანამშრომლობას ეხებოდა, გუშინ, მილანის მოდის კვირეულის დასკვნით დღეს, პრადამ პატარა პრესკონფერენცია გამართა. მიუჩია ჟურნალისტების წინაშე რაფთან ერთად გამოჩნდა და დაადასტურა სიახლე, რომ სიმონსი პრადას უერთდება, როგორც შემოქმეთებითი თანადირექტორი. 2020 წლის 2 აპრილიდან პრადას შემოქმედებით მხარეზე პასუხისმგებლობას რაფი და მიუჩია თანაბრად აიღებენ. ამასთან ხაზი გაესვა რამდენიმე ფაქტს. რაფი მხოლოდ პრადას თანახელმძღვანელია და მიუ მიუსთან შეხება არ ექნება, ხოლო მისი სახელობის ბრენდი, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს, ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას.

რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა 2020 წლის 23 თებერვალს პრესკონფერენციაზე, მილანის მოდის კვირეულის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის დასკვნით დღეს.

წყვილში მომუშავე დიზაინერები, რომლებიც ბრენდის შემოქმედებით მხარეზე თანაბარ ვალდებულებებს და უფლებებს ფლობენ, მოდის ინდუსტიისთვის უცხო არ არის. შესაძლოა პროენზა სქულერის ჯეკის და ლაზაროს შესახებ არ გსმენიათ, ან ვალენტინოში მარია გრაცია ქიურის და პიერპაოლო პიჩოლის ერას თვალს არ ადევნებდით, მაგრამ რთული დასაჯერებელია, რომ სახელები დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა არაფერს გეუბნებათ. თუმცა რაფის და მიუჩიას შემთხვევა მრავალმხრივ გამონაკლისია.

ტრადიციულად, როდესაც ბრენდის შემოქმედებითად 2 ადამიანი მართავს, ისინი ოჯახის წევრები არიან, მეუღლეები, დები,ან ძმები. 1 ბრენდში ორი შემოქმედის გაერთიანება მათი კარიერის საწყის ეტაპზე ხდება და არა აღიარების, უამრავი ჯილდოს, დამოუკიდებელი ბრენდების შექმნის, მილიონობით გულშემატკივრის შეძენის შემდეგ.

რაფ სიმონსი, 52 წლის, ეროვნებით ბელგიელი, ანტვერპენის ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებულია, რომელმაც თავისი პირველი დამოუკიდებელი კოლექცია 1995 წელს წარადგინა. 1995 წლიდან ფლობს საკუთარი სახელობის მამაკაცის სამოსის ბრენდს, რომელიც მოდის მოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 2005 – 2012 წლებში ხელმძღვანელობდა ჯილ სანდერს, 2012 – 2015 წლებში – დიორს, 2016 – 2018 წლებში – კელვინ კლაინს. თვით კელვინ კლაინის შემდეგ, სიმონსი პირველი დიზაინერია, რომელმაც CFDA – ის დაჯილდოებაზე, 1 საღამოს ქალის და მამაკაცის სამოსის კატეგორიაში გაიმარჯვა.

მიუჩია პრადა, 70 წლის, იტალიელი მილიარდერი დიზაინერი, რომელიც მოდის ბიზნესში ჩართვამდე პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობდა, 70-იან წლებში იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი გახლდათ, შემდეგ ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი. 80-იან წლებში მიუჩიამ საოჯახო ბიზნესის მართვა დაიწყო, რომელიც ჩანთების წარმოებით შემოიფარგლებოდა. 1989 წელს გადაწყვიტა, რომ ტანსაცმლის წარმოებაც ეცადა და პრადას პირველი კოლექცია წარადგინა. ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, რაც შემდეგ მოხდა უკვე ისტორიაა. ჩანთების ბრენდი მიუჩიამ მულტი-მილიარდიან იმპერიად აქცია, რომელსაც რამდენიმე წელში შედარებით ხელმისაწვდომი ხაზი მიუ მიუ დაუმატა. 1993 წელს მიუჩიამ CFDA-ის წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მოიგო და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს შეძლო.

რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა 2020 წლის 23 თებერვალს პრესკონფერენციაზე, მილანის მოდის კვირეულის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის დასკვნით დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდმა დიდებას მიუჩიას ხელმძღვანელობის ქვეშ მიაღწია, პრადა საოჯახო ბიზნესია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში მარიო პრადამ შექმნა, ხოლო ბოლო 30 წელია მიუჩიას და მისი ქმრის, პატრიციო ბერთელის მიერ იმართება. ბრენდის 100 წლიან ისტორიაში, რაფი პირველი თანადირექტორი იქნება, რომელიც პრადას ოჯახიდან არ არის.

მიუჩიას და რაფის ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც პატრიციომ სიმონსი ჯილ სანდერის შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშნა. 1999 წლიდან 2006 წლამდე პრადა გრუპი ჯილ სანდერის 75 % წილს ფლობდა. ჯილ სანდერი იყო რაფის პირველი სამუშაო ქალის სამოსში. მიუჩიას სიმონსისადმი დადებითმა განწყობამ მაშინაც იჩინა თავი, როცა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბედნიერია რაფის მოდაში დაბრუნებით, რადგან ღირსეული კონკურენტი ეყოლებოდა. თანამედროვე ხელოვნებისადმი სიყვარული, “Ugly-Chic” ესთეტიკა და მოდის ბიზნესისადმი კრიტიკული ხედვა ბელგიელს და იტალიელს ყოველთვის აერთიანებდათ, თუმცა წყვილში მუშაობა ორივესთვის სიახლეა.

რაფის და მიუჩიას პირველ საერთო კოლექციას პრადას 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ვიხილავთ, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე სექტემბერში გაიმართება. სიმონსი პრადას შემოქმედებითი თანადირექტორის თანამდებობაზე მუშაობას 2 აპრილიდან დაიწყებს.

Tags :