გუჩისა და სენ ლორანის მილანში დაბრუნება, მარტინ როუზის ჩვენება პიტი უომოზე, ხოლო ემილი (ბოდე) პარიზში – იანვარი მოდური ღონისძიებებით დატვირთული იქნება.

ჩვენებები 10 იანვარს ფლორენციაში, პიტი უომოზე დაიწყება, საიდანაც ისინი მილანში, 3 დღის შემდეგ გადაინაცვლებს. 22 იანვარს, კი მამაკაცის მოდის კვირეულებს მარჯიელა პარიზში დახურავს. 23 იანვარს უკვე პარიზის ოტ-კუტიურის კვირეული დაიწყება.

პიტი უომო, მილანი და პარიზი განაგრძობენ მამაკაცის მოდის კვირეულების ჩატარებას და მასპინძლობენ დიზაინერებს ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან, სადაც მამაკაცის მოდის კვირეულები, ქალის მოდის კვირეულებთან შედარებით, ნაკლებ ინტერესს იწვევს და შესაბამისად, არ ტარდება. აღსანიშნავი “უცხოელი” დიზაინერები არიან მარტინ როუზი, რომელიც პიტის მოწვეული დიზაინერია, Charles Jeffrey Loverboy, რომლის ჩვენებასაც მილანში პირველად ვიხილავთ, და, რა თქმა უნდა JW Anderson-ი. ამასთან, საინტერესოა ამერიკელი Emily Adams Bode-ს ჩვენებაც, რომელიც პარიზში გაიმართება.

საინტერესოა, გუჩისა და ლუი ვიტონის ჩვენებების ხილვაც. ორივე ბრენდი კრეატიული ხელმძღვანელების გარეშეა. გუჩის ჩვენება მილანში 13 იანვარს იგეგმება. 8 წლის წინ, გუჩის აწ უკვე ყოფილი კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს პირველი ჩვენება სწორედ მამაკაცის მოდის კვირეულზე ვიხილეთ. რაც შეეხება ლუი ვიტონს, შარშან, ვირჯილ აბლოს გარდაცვალების შემდეგ, მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ არ დასახელებულა.

პარიზში საინტერესო იქნება სენ ლორანის მამაკაცის მოდის კვირეულზე დაბრუნებაც. თითქმის 7 წელი გავიდა, მას შემდე, რაც სენ ლორანის ჩვენება აღნიშნულ მოდის კვირეულზე ვიხილეთ, მაშინ ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ედი სლიმანი იყო, რომლისთვისაც მამაკაცის ხაზი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქალის. ეს ასე არაა ენტონი ვაკარელოსთვის, თუმცა შესაძლოა ეს მალე შეიცვალოს და სენ ლორანი სრულად დაბრუნდეს “თამაშში”. ბრენდის ჩვენება 17 იანვარსაა დაგეგმილი.