რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ კარდაშიანის ბრენდი SKIMS აშშ-ს ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობაზე იზრუნებდა. ბუნებრივია, ამ ფაქტმა ბრენდის გარშემო მღელვარება შექმნა, SKIMS-თან დაკავშირებით გავრცელებული მორიგი სიახლე კი მას პრესაში კვლავ აქტუალურ თემად ტოვებს.
კარდაშიანის ბრენდის ახალ სახედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და გავლენიანი სუპერმოდელი ქეით მოსი დასახელდა.
“SKIMS-ს პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობ,” – აღნიშნავს ის. “რასაც კიმი თავის ბრენდში აკეთებს ახალი და თანამედროვეა, ის ქმნის საცვლებს, რომლებიც ქალებს ნამდვილად სურთ და მათ სხეულს იდეალურად ერგება. მე ვიცვამ მას, ჩემი ქალიშვილიც – ის დედაჩემსაც კი აცვია.”
© SKIMS
ქეითი არაერთხელ გვინახავს საცვლების კამპანიებში. ისტორიას დარჩება Calvin Klein-ის რეკლამები, რომლებშიც თავისი ინდივიდუალიზმით მილიონობით ადამიანზე ახდენდა შთაბეჭდილებას. 47 წლის ასაკში ის კვლავ თამამად პოზირებს სამოსში, რომელიც მისი სხეულის ფორმებს კვეთს. კამპანიისთვის მოსი დონა ტროუპმა გადაიღო.
“ქეითს პირველად 2014 წელს რიკარდო ტიშის საშუალებით შევხვდი და მაშინვე მომხიბლა მისმა მოურიდებელმა იუმორმა, აუთენტურმა და კლასიკურმა სილამაზემ – მას შემდეგ ვმეგობრობთ,” – ამბობს კიმი. “ის მოდის ხატია, რომელიც კულტურის მთელ თაობებს განსაზღვრავს, ამიტომ ჩემთვის პატივია ამ ზაფხულს მისი SKIMS-ის სახედ არჩევა!”