თუ ინტერნეტში წააწყდით ინფორმაციას, რომ ტვიტერის დამფუძნებელმა თავისი ტვიტი, რომელშიც შემდეგ რამეს წერდა: “just setting up my twttr” $2.9 მილიონად გაყიდა, როგორც NFT და ამან დაგაბნიათ, მინდა გითხრათ, რომ ეს, პირველ რიგში, სამყაროს გაციფრულების მორიგი მანიშნებელია. NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია – იქნება ეს ნახატი, მუსიკა, სრულიად აბსურდული იდეა თუ სხვა რამ. ის უნიკალური საკუთრებაა, რომელსაც ვერაფერში გაცვლი. და შეიძლება ღირდეს ნებისმიერი თანხა. მაგალითად, Christie-ის აუქციონზე ციფრული ნამუშევარი NTF-ად (Non-fungible token) $69 მილიონად გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოწყობილობებიდან სასურველი რამის დაკოპირება უმარტივესად შეგვიძლია, ეს მის ავტორიზებულ მფლობელად არ გვაქცევს, რაც რეალურად არის ის, რასაც შენ NFT გაძლევს.
მოდა, როგორც რეალობის ანარეკლი, არც ამ თემას უვლის გვერდს და სუპერმოდელ ქეით მოსს აქცევს მის ნაწილად. NFT-ებად ქცეული ქეითის სამი ვიდეო აუქციონზე გავიდა, საიდანაც მიღებული თანხა ადვოა აბოას საქველმოქმედო ორგანიზაცია Gurls Talk-ს გადაერიცხება.
“ჩემთვის ხელოვნება ყოველთვის მომენტს შეეხებოდა,” – აღნიშნავს მოსი თავის განცხადებაში. “დრო ისეთი რამ არის, რაც საკმარისი არასდროსაა და არავის უცდის. ძალიან მაინტერესებს ვის ენდომემა ჩემს საკუთარ მომენტს დაეუფლოს. ჩემთვის ასევე მიმზიდველია ის აზრი, რომ ეს საკუთრება შეიძლება სხვების დასახმარებლად იყოს გამოყენებული. მოუთმენლად ველოდები რა შედეგი ექნება ამ ექსპერიმენტს.”
აღნიშნული ინიციატივა სუპერმოდელისა და ანონიმური არტისტების კოლექტივის, Moments in Time Collective-ის, პარტნიორობის შედეგია. “ჩვენ ავთენტური, ნამდვილი ქეითი გვსურდა, მოსის ცხოვრებასა და სტილზე დაკვირვება,” – ამბობენ კოლექტივის წევრები.
“იმგზავრე ქეითთან ერთად,” “იარე ქეითთან ერთად” და “იძინე ქეითთან ერთად” იმ ვიდეოების სახელწოდებებია, რომლებიც სუპერმოდელის პირადი ცხოვრების ფრაგმენტებს წარმოადგენს.
“ეს ჯერ საწყისი ეტაპია, რაც ყველაფერს კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის. ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს ამ ტექნოლოგიას. NFT-ები ხელოვნებისთვის შეიძლება იყოს ის, რაც ფინანსებისთვის კრიპტოვალუტაა – გზა, რომლითაც კრეატორები და კოლექციონერები პირდაპირ ინტერაქციას შეძლებენ ყოველგვარი ბარიერებისა თუ ცენტრალური უფლებამოსილების გარეშე – გარკვეულწილად ხელოვნების ფლობის ონლაინ შესაძლებლობას პირველად იძლევა, პროცესში კი ხელახლა განისაზღვრება თუ რა არის რეალურად სახვითი ხელოვნება.”
Moments in Time Collective
თითოეული ვიდეო უნიკალური აუდიო სერტიფიკატით გაიყიდება, რომელიც მოსის მიერ იქნება ჩაწერილი. გარდა ამისა, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მათ შეიძენენ, ქეითის სააგენტოს ოფიციალურ ინსტაგრამზე დაიწერება.