თანამედროვე ეპოქაში მონარქია ძველმოდურად და ხშირად არასერიოზულად აღიქმება, თუმცა ეს არ ეხება ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, რომელიც აქტუალობას, გავლენას და მნიშვნელობას 2021 წელსაც ინარჩუნებს. საზოგადოებას მათი ოჯახი იმდენად აინტერესებს, რომ ავტორიტეტული გამოცემა People ახალ ჟურნალს აანონსებს, რომელსაც People Royals ერქმევა და მთლიანად მიეძღვნება თანამედროვე მონარქებს.

People Royals-ის პირველ ნომერს კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი ამშვენებს. ქეით მიდლტონი რიდინგში, ინგლისში 1982 წლის 9 იანვარს დაიბადა. 2001 წელს, როდესაც შოტლანდიის წმინდა ენდრიუს სახელობის უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიას სწავლობდა, პრინც უილიამს შეხვდა და სწორედ აქ დაიწყო მათი სასიყვარულო ისტორია. 2010 წელს, მათ მსოფლიოს ნიშნობის შესახებ ამცნეს, ხოლო 2011 წელს, ვესტმინსტერში იქორწინეს. ახლა მას ბრიტანეთის მომავალი მეფისგან 3 შვილი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საზოგადოებას ქეითი გამორჩეულად უყვარს. People Royals ქეითს მომავალ დედოფლად მოიხსენიებს.

ახალი გამოცემის პირველი ნომერი გაყიდვაში მარტში გამოვა და მისი ფასი 12.99$ იქნება.