ქეითი გრანდი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი ჟურნალის მიღმა დგას: Dazed & Confused, Pop, The Face და რა თქმა უნდა LOVE Magazine, რომელიც პირველივე გამოცემიდან კრიტიკის, დავის და აღფრთოვანების საგანი გახდა.
ჟურნალი ბრიტანეთში წელიწადში ორჯერ გამოიცემა Condé Nast Britain-ის მიერ, რედაქტორების სიაში კი ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორებიცაა ალექსანდრ ფიური და ლულუ კენედი.

LOVE-ის დატოვების შესახებ ჟურნალისტმა და სტილისტმა ვრცელი ინსტაგრამ პოსტის მეშვეობით გვამცნო:
„საიდან დავიწყო? ვფიქრობ, დასაწყისიდან. ყველაფერი რამდენიმე ჩანაწერითა და სატელეფონო ზარით დაიწყო. ჩვენს პირველ ყდაზე ჩემი დიდი ხნის მეგობარი ბეთ დიტო იყო, მას თმა სტაფილოსფრად შევღებეთ და ლოს ანჯელესის შატო მარმონტის საპრეზიდენტო ნომერში მერთმა და მარკუსმა ფოტოები გადაუღეს. ტანსაცმელი გარეტ პიუმ და მარკ ჯეიკობსმა (ლუი ვიტონი) სპეციალურად შექმნეს. ჩვენ არ გვსურდა დავის საგანი გავმხდარიყავდით – ეს ყველაფერი ჩვენი ინსტინქტი იყო, გვიყვარდა ბეთი და მისი მუსიკა და გვსურდა მისთვის ძლიერი, სექსუალური ფოტოები გადაგვეღო.

12 წლის შემდეგ, ყოველი ახალი ყდით ისეთივე ამაყი ვარ, როგორიც ბეთის ყდით ვიყავი.
სოციალური მედია თითქმის არ არსებობდა 2009 წელს – მაშინ მხოლოდ გაუმართავი ვებ-საიტი და MySpace გვქონდა.
ამ თვეში LOVE-ის 24-ე ნომერი გამოვუშვით. სოციალურად და პოლიტიკურად ყველაზე ტურბულენტურ დროში, რომელიც ოდესმე მინახავს, რაღაც ისეთი შევქმენით, რამაც იმედი მაქვს ასახა ჩვენი არაპროგნოზირებადი რეალობა. კოვიდიდან BLM პროტესტებამდე, მე და ჩემი გუნდი მაქსიმუმს ვაკეთებდით, რათა მოგვესმინა ჩვენი კონტრიბუტორებისთვის და მიგვექცია მათთვის შესაფერისი ყურადღება.
#lovediaries რეალურად არ ყოფილა მოდის ჟურნალი, ის იყო წიგნი ფოტოებითა და სიტყვებით, რომლებიც ასახავდნენ წლევანდელ ქაოსს, სულის მაძიებლების, გულის ტკივილის და – მიუხედავად იმისა, რომ მათი დანახვა ხანდახან რთული იყო – პოზიტიურობისა და იმედის. ეს გამოცემა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს კარიერაში. ეს არის გამოცემა, რომელიც ჩემთვის ყველაზე საამაყოა და რომელიც ყველაზე მეტს ნიშნავს. ეს არის გამოცემა, რომელსაც ვერ გავაუმჯობესებ.
მსოფლიო შეიცვალა და მეც მასთან ერთად, და ჩემთვის ძალიან ნათელია ის, რაც ახლა აუცილებელია. ლამაზი და მნიშვნელოვანი ისტორიების მოყოლა მარადიულია. მაგრამ ახლა სიახლის დროა, რაღაც განსხვავებულის.
მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს კოლაბორაციისთვის, გაწეული სამსახურისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს იყო გასაოცარი, დაუვიწყარი და ცხოვრების შემცვლელი გამოცდილება.ახლა კი მომდევნო თავგადასავლის დროა და ის ამაღელვებელია.
სიყვარულით,
ქეითი.„

ალბერტ რიდმა, ბრიტანული ქონდე ნასტის დირექტორმა, ქეითის წასვლის შესახებ ინფორმაცია პარასკევს დაადასტურა და აღნიშნა, რომ მის შემცვლელზე ინფორმაციას უახლოეს დროში გამოაცხადებენ. “ქეითი გრანდის მიაღწევები Love-თან ერთად წარუშლელ კვალს დატოვებენ ინდუსტრიაზე და მსურს მას მადლობა გადავუხადო 11 წლის განმავლობაში ჩვენთვის გაზიარებული კრეატიულობისა და მხიარულებისთვის. მას მომავალში მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ” ნათქვამია რიდის ოფიციალურ განცხადებაში.
გასულ იანვარს გრანდმა Another Man-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ბენ კობი LOVE Magazine-ის მთავარ თანარედაქტორად დანიშნა.

WWD-ს ცნობით, ქეითი ალექსანდრ მაკქუინის მიერ დაარსებულ ფონდში Sarabande Foundation-ში გადადის და ასევე იმუშავებს წითელ ჯვართან.