COVID-19 – ის პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მოდის ინდუსტრიაზე, რის საპასუხოდაც ქართული მოდის მხარდასაჭერად ჩნდება ახალი ინიციატივა: ქართული მოდის ფონდი.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ქართული მოდის და სხვა შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს ფინანსური და ბიზნეს დახმარება გაუწიოს, რაც მათ ახლა ასე ძალიან სჭირდებათ.
როგორც ZOE Magazine-ის გამოქვეყნებული სტატიიდან ვიგებთ, ფონდი ახალი სახელოვნებო და კულტურული ცენტრის თაოსნობითა და თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულთან კოლაბორაციით იქმნება. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სოფო ჭყონიამ კოკა-კოლას ძველ ქარხანაში ახალი კულტურული სივრცის გახსნა დააანონსა, რომელიც სხვადასხვა კრეატიული სფეროს წარმომადგენლებს თავიანთი შემოქმედების წარმოდგენის და განვითარების საშუალებას მისცემს.
„ფონდის მისიაა გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს ქართული მოდის ინდუსტრიის აქტივობებს და გაზარდოს, როგორც ცნობიერება, ისე საჭირო სახსრები ქართული შემოქმედებითი საზოგადოებიდან მათთვის, ვინც COVID-19 – ის პანდემიამ დააზარალა,“ – ვკითხულობთ სტატიაში.
GFF-ს საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობაში ინდუსტრიის არაერთ გავლენიან ფიგურას ვხვდებით, მათ შორის: დიზაინერ დევიდ კომას, CFDA-ს მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელ სტივენ კოლბს, British Vogue-ს ყოფილ რედაქტორ ალექსანდრა შულმანს, Vogue Italia-ს დამხმარე რედაქტორსა და Vogue Talents-ის ხელმძღვანელ სარა მაინოს, Polimoda-ს დირექტორ დანილო ვენტურის და ა.შ.
მაშინ, როდესაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე ნიჭიერ შემოქმედებს ინდუსტრიიდან გაქრობის საფრთხე ემუქრებათ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციის არსებობა, რომელსაც ახალ გამოწვევებზე სათანადო რეაგირება ექნება და ხელს შეუშლის კულტურის განვითარების შეფერხებას.