ბოლო პერიოდში ქართველი მოდელები არაერთხელ ვიხილეთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ჩვენებებსა და კამპანიებში. შესამჩნევია, რომ ქართული სამოდელო სფეროს გამოკვეთილი და საინტერესო სახეები აქტიურად იქცევენ მაოფლიო მოდისა და სარეკლამო სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ყურადღებას.

საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი ბრენდის სარეკლამო ვიდეოში, ამჯერად, კიდევ ერთი მოდელი – ელენე იაკობაშვილი ვიხილეთ. ელენემ სათვალეების მწარმოებელ წამყვან კომპანია Ray-Ban-თან ითანამშრომლა და ბრენდის ახალ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

ელენე იაკობაშვილი ადგილობრივ სამოდელო სააგენტო Look Models-თან თანამშრომლობს. სწორედ Look Models-ის დახმარებით, 2022 წელს მან კონტრაქტი გააფორმა მილანში ერთ-ერთ სააგენტოსთან.

“აქამდე ძირითადად აზიის მარკეტზე მქონდა გამოცდილება, ამიტომაც ევროპაში პირველი საქმიანი ვიზიტი, უფრო მისაჩვევად და გასაცნობად იყო გათვლილი. თუმცა პირველივე ჯერზე ეს გამოცდილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მქონდა ბევრი შემოთავაზებები და გადაღებები, მილანის მოდის კვირეულზეც მივიღე მონაწილეობა. რაც შეეხება Ray-Ban-თან თანამშრომლობას, თავდაპირველად არ ვიცოდი, რომ სწორედ ამ ბრენდის კასტინგზე მივდიოდი. როცა მივედი, ძალიან ბევრი მოდელი დამხვდა. მოგვარგეს სათვალეები და სათითაოდ გადაგვიღეს ვიდეო, რომელშიც ჩვენი თავი უნდა წარგვედგინა და მუსიკის ფონზე გვეპოზიორა. კასტინგი ჩვეულებისამებრ დავტოვე და ერთ კვირაში გავიგე, რომ Ray Ban-მა კამპანიისათვის ამარჩია” – ელენე იაკობაშვილი, მოდელი

© Ray-Ban


როგორც მოგვიანებით გაირკვა, Ray-Ban-ის ხელმძღვანელებისათვის ელენე მეტად გამორჩეული მონაწილე იყო, რომელიც კამპანიის დინამიკისათვის ზუსტ და მეტად საინტერესო სახედ აღიქვეს.

მსგავსი მასშტაბების ბრენდთან თანამშრომლობა საერთაშორისო კარიერის დაწყებისა და განვითარებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც ელენე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მისი სამომავლო გეგმები სწორედ ევროპაში წარმატებული სამოდელო კარიერის შექმნას უკავშირდება.