ქართველი დიზაინერების წარმატებაზე საუბარი ყოველთვის იწყება, ან სრულდება კვირეულით, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართული მოდის ინდუსტრიისთვის ყველაზე საინტერესო ათწლეულში.
თუ ამ სფეროში ვინმე უნდა გამხდარიყო, დემნა და გურამ გვასალიებთან ერთად, ყველაზე გავლენიანი ქართველი, ეს უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც დგას თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მიღმა.
2019 წელს სოფო ჭყონია BOF 500 – ში მოხვდა. BOF 500 არის რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება და მოდის საერთაშორისო ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ადამიანებს ასახელებს. ადამიანებს, რომლებიც ყველაზე დიდ კვალს ტოვებენ მოდის გლობალურ ბიზნესზე. ჭყონია მესამე ქართველია, რომელიც BOF 500 – ში დასახელდა.
მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ძალიან დიდი ხელშეწყობით ცნობილ ქართველ დიზაინერებთან ერთად, ახალგაზრდა სახეებსაც მიეცათ ხილვადობის შესაძლებლობა. აკა ფროდიაშვილი გახლავთ ერთ-ერთი დამწყები დიზაინერი, რომელიც წელს გამორჩეულად დიდ ყურადღებას იმსახურებდა. მისი 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება თბილისში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნამუშევარი იყო, თუმცა გასულ 12 თვეში, საერთაშორისო ჰედლაინები ლედი გაგას პაპარაცულმა ფოტოებმა მოუტანა.
მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა აკას შავი ლუქი მოირგო, ვოგმა გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც ასეთი ჰედლაინი ამშვენებდა: „ლედი გაგას უახლესი ლუქი ქართველი დიზაინერებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.“
ფროდიაშვილი არ ყოფილა ერთადერთი ქართველი დიზაინერი, რომელიც მომღერალმა და მსახიობმა წარადგინა. წლის დასაწყისში ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კაბით გამოჩნდა, მოგვიანებით კი ანუკის შავი კაბითაც ვიხილეთ.
ქართველი დიზაინერების და ცნობილი მაღაზიების თანამშრომლობა 2019 წელსაც გაგრძელდა. მატერიელმა ნეტაპორტთან პირველი კაპსულა კოლექცია დააანონსა, დავერ სთრით მარკეტმა ირაკლი რუსაძის სიტუაციონისტის კოლექციები შეიძინა, ჯაბა დიასამიძემ კი საკუთარი კოცეპტუალური მაღაზია, დარიალი ბარსელონაში გახსნა. დარიალის კარები უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორებისთვის 8 ოქტომბერს გაიღო. დეკემბრის დასაწყისში დარიალს ჩვენც ვესტუმრეთ. მე-19 საუკენეში აგებულ Casa Tomas Roger-ის შენობაში, თაღებიან ადგილას, რომელსაც ჭერზე მიბჯენილი ოქროსფერი პალმები აფორმებს, წარმოდგენილია ტანსაცმლისა და აქსესუარების ასზე მეტი დიზაინერის ნამუშევარი, სახლისთვის განკუთვნილი ნივთები, წიგნები. მასში ასევე განთავსებულია გალერეა და რესტორანი.
მნიშვნელოვანი წელი იყო ქართველი მოდელებისთვის. წელს პირველად გვქონდა შესაძლებლობა რამდენიმე ტოპ ბრენდის შოუზე 2, ან მეტი ქართველი მოდელი გვეხილა. ქართველებისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი აღმოჩნდა. გუჩის ჩვენებაზე 2 ქართველი გოგონა გამოვიდა: ანა გავვა და ლიკა რიგვავა. 2 ქართველი ვიხილეთ დოლჩე & გაბანას ჩვენებაზეც: თათია ახალაია და მატილდა გვარლიანი. 3 ქართველი მოდელი მონაწილეობდა ბალენსიაგას ჩვენებაში: ანა გავვა, ლუკა ბიჭიკაშვილი და ვახო კედელაძე. 6 ქართველი -ვეტმანის შოუში: ლიკა რიგვავა, ლუკა ბიჭიკაშვილი, თეოშა კუბლაშვილი, ვახო კედელაძე, ვახო ქამუშაძე და ნინო ელიზბარაშვილი.
გუჩის კონტრაქტის შემდეგ, წარმატებით გაგრძელდა მარიშა ურუშაძის კარიერაც.
- 2019 წელს მარიშა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც ნიუ-იორკში ტოპ ბრენდის შოუზე გამოვიდა.
ქართველი მოდელი მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე ვიხილეთ, რომლითაც ნიუ-იორკის მოდის კვირეული დაიხურა.
მოდაში წარმატებულ ქართველებზე საუბრისას მეტწილად დიზაინერებზე და მოდელებზე გვიწევს აქცენტის გაკეთება. 2019 გამონაკლისი აღმოჩნდა. 22 წლის ქართველი ფოტოგრაფი, დავით გიორგაძე ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 100 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში მოხვდა. დავითი სიაში ერთადერთი ქართველია. გიორგაძე 2 დეკემბერს ლონდონში, მოდის 2019 წლის დაჯილდოებაზეც იმყოფებოდა.
დაჯილდოებას ესწრებოდა წარმატებული ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე, რომელსაც წელს თავისი სახელობის ბრენდის 10 წლის იუბილე ჰქონდა. კომახიძემ David Koma – ს 10 წლის იუბილე ნიუ-იორკში აღნიშნა.