ქარდი ბის კარიერა წინსვლას განაგრძობს. ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, ქალ რეპერებში, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. სინგლი “Up” , რომელიც ვარსკვლავმა ერთი თვის წინ გამოუშვა, ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. შედეგად, ქარდი გახდა პირველი ქალი რეპერი, რომელსაც ბილბორდის ასეულში უკვე ხუთი #1 სინგლი აქვს.
ბილბორდის ცხელი ასეული, აშშ-ის მუსიკალურ ინდუსტრიაში, სინგლების პოპულარობის განმსაზღვრელი სტანდარტული ჩარტია, რომელიც ყოველკვირეულად აქვეყნებს, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე პოპულარულ, გაყიდვად და მოთხოვნად სინგლებს.
ქარდი ბი ბილბორდის ჩარტის სათავეში, პირველად, 2017 წლის ოქტომბერში მოექცა, გახმაურებული ჰიტით – “Bodak Yellow”. მას შემდეგ, ქარდის არა ერთი მუსიკალური კოლაბორაცია ჰქონდა სხვა ცნობილ არტისტებთან, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს შემდეგმა სინგლებმა: “I Like It”, “Girls Like You” და “WAP”.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან გუშინდელ დღემდე, ქარდის ანგარიშზე უკვე ოთხი #1 სინგლი იყო, “Bodak Yellow” კვლავ რჩებოდა რეპერის ერთადერთ სოლო ნამუშევრად, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. “Up” ქარდი ბის მეორე სოლო სინგლია, რომელიც აშშ-ში პოპულარობის განმსაზღვრელი ჩარტის ლიდერი გახდა, რაც თავის მხრივ,კიდევ ერთი რეკორდია ქალი რეპერის მიერ.
მუსიკაში შთამბეჭდავი მიღწევების ფონზე, ქარდი პოპულარული გახდა მოდის ინდუსტრიაშიც. რეპერი დაიბეჭდა ამერიკული ვოგის ყდაზე და გახდა ბალენსიაგას სარეკლამო კამპანიის სახე. აქვე უნდა ითქვას, რომ ქარდი ბი პირველი სელებრითია, რომელთანაც ბალენსიაგამ, დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, კონტრაქტი გააფორმა. ბალენსიაგას ქარდის ახალი #1 სინგლის კლიპისთვის კოსტიუმები არ შეუქმნია, თუმცა ბრენდი ფიგურირებს ტექსტში, როდესაც რეპერი თავს “Balenciaga Bardi”-ს უწოდებს.
რაც შეეხება “Up” -ის კლიპიდან ქარდი ბის დასამახსოვრებელ ლუქებს, რეპერს ცნობილი მოდის სახლების კრეატიულ დირექტორებთან არ უმუშავია.
თვალი გადავავლოთ იმ კოსტიუმების დიზაინერებს, რომლებმაც ქარდისთან ითანამშრომლეს:
გამხსნელ ლუქში, ქარდის კრისტალებით გაფორმებულ შავ კორსეტში ვხედავთ, რომელიც კოსტიუმების დიზაინერმა, Abraham D. Levya-მა შექმნა, შავი ვარდების ქუდი ეკუთვნის Sarah Sokol Millinery-ს, ხოლო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი Christian Louboutin-ს.
შემდეგი გახლავთ თეთრი კაბა. ამ კოსტიუმზე იმუშავა ფრანჩესკო მურენომ. სამკეულები ეკუთვნის Laurel DeWitt-ს, აგრეთვე ცნობილს, როგორც „მეტალის დედოფალი“.
როდესაც კადრში ქორეოგრაფია ჩნდება, ქარდის ღია ცისფერ ლუქში ვხედავთ, რომლის დიზაინერი რეი ორტიზი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ პრესის წარმომადგენლებმა ტოპის შთაგონებად ჟან პოლ გოტიეს ცნობილი დიზაინი მიიჩნიეს.
გამჭირვალე პლასტმასის კოსტიუმი ჰოლანდიელ დიზაინერს Esme Wagemans-ს ეკუთვნის.
რაც შეეხება ფინალურ შავ კოსტიუმს,დიზაინზე იმუშავა ლოს-ანჯელესში მოღვაწე, ვარსკვლავების საყვარელმა არტისტმა, ბრაიან ჰერსნმა. მისი შთაგონება ჯანეტ ჯექსონი და ამერიკული მუსიკალური ტრიო – TLC გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი სინგლის გამოსვლიდან პირველ კვირაში, “Up” ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე დებიუტირდა, მომდევნო კვირებში მეექვსე ადგილზეც გადმოიწია. როგორც გამოცემა ბილბორდი იუწყება, სინგლის დაწინაურება გრემის 2021 წლის პერფორმანს უკავშირდება. 15 მარტს, ლოს-ანჯელესში, მუსიკალური ინდუსტრიის პრესტიჟული დაჯილდოება გაიმართა, სადაც რეპერმა “Up” და “Wap” შეასრულა.