სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კიმ კარდაშიანმა დაბადების დღის წვეულება კერძო კუნძულზე მოაწყო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ იუბილარმა მიწვეულ სტუმრებს წინასწარი ორკვირიანი კარანტინი მოსთხოვა, შემდეგ კი ეს ამბავი საჯაროდ მოყვა სოციალური ქსელის მეშვეობით. ინტერნეტი ჯერ ისევ ამ ამბის ინსპირაციით დაბადებული მიმების გაზიარებაში იყო, როცა რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ მიიპყრო ჩვენი ყურადღება.

როგორც კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით გვაუწყა, ქანიე ვესტმა მას დაბადების დღეზე გარდაცვლილი მამის ჰოლოგრამა აჩუქა. კიმმა ჰოლოგრამის ვიდეო გამოაქვეყნა და საკმაოდ ემოციური ტექსტიც დაურთო. როგორც თავად უწოდა, ეს არის “ჰოლოგრამა სამოთხიდან”. გარდაცვლილი ადამიანების ჰოლოგრამები ადრეც გვინახავს, ეს ტექნოლოგიური მანიპულაცია რამდენჯერმე გამოიყენეს გარდაცვლილი მუსიკოსის კონცერტის გამართვისაა, თუმცა, ქანიე ვესტის კარდაშიანისადმი მიძღვნილი ჰოლოგრამა სრულიად სხვა მიზანს ემსახურება – კიმის გარდაცვლილი მამის 3D სივრცითი გამოსახულება, იუბილარს ემოციური ტექსტით ულოცავს დაბადების დღეს.