15 აპრილს, მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Coachella ბრუნდება. 2022 წლის სეზონი ფესტივალისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის დაწყების შემდეგ, დაგეგმილი მუსკალური ღონისძიება უკვე ორჯერ გაუქმდა. ქოაჩელას გახსნამდე ათი დღით ადრე, დადასტურდა ინფორმაცია, რომ ქანიე ვესტი ლაინაფიდან მოიხსნა. მუსიკოსი წელს ერთ-ერთ ჰედლაინერად დასახელდა, თუმცა, სავარაუდოდ სწორედ ვესტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, Coachella-ს ორგანიზატორებს აღნიშნული გადაწყვეტილებისაკენ უბიძგა. საქმე ეხება, ვესტის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებს, რომლის ადრესატი კიმ კარდაშიანია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადებების გამო, დაახლოებით ერთი თვის წინ, ვესტი გარკვეული დროით Instagram-ზეც დაიბლოკა.
შეგახსენებთ, რომ ხმაურიანი სკანდალის გამო, Coachella-მ კიდევ ერთი არტისტი მოხსნა დაგეგმილი პროგრამიდან. 2022 წლის ფესტივალზე, ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ტრევის სკოტიც განიხილებოდა, თუმცა, ნოემბერში, არტისტის მუსიკალურ შოუზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ქოაჩელას ორგანიზატორებმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. რაც შეეხება დადასტურებულ ჰედლაინერებს, მთავარი მონაწილეების სტატუსით, მსმენელის წინაშე ბილი აილიში და ჰარი სტაილსი წარსდგებიან. Coachella წელს 15-17 და 22-24 აპრილს გაიმართება.