ქანიე ვესტის დაცვის ყოფილი წევრი, სტივ სტენულისი (Steve Stanulis) დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს, რომელიც მისივე თქმით, მაყურებელს ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტზე უამრავ საიდუმლოს გაუმხელს. როგორც სტენულისი აღნიშნავს, მასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე სტრიმინგ სერვისი აწარმოებს, რამდენადაც ყველა მათგანი დაინტერესებულია ვესტის დაცვის მიერ დოკუმენტური ფილმის ფორმატში მოყოლილი ისტორიით. სტენულისი ქანიე ვესტთან 2016 წელს მუშაობდა. როგორც თავად აღნიშნავს, ის რეპერის რჩეული იყო და ყველგან თან ახლდა, შესაბამისად საჯარო სივრცის მიღმა მომხდარი ბევრი საინტერესო დეტალის შესახებ ფლობს ინფორმაციას.

სტივ სტენულისსა და ქანიე ვესტს შორის ურთიერთობა 2016 წელსვე დაიძაბა, რის შედეგადაც რეპერმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა და სასამართლოში სარჩეელის შეტანითაც დაემუქრა. ამის შემდეგ, დაცვის ყოფილმა წევრმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას, ვესტი საკმაოდ უარყოფითად დაახასიათა. რეპერი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა, მას მანიაკი და მატყუარა უწოდა და სასამართლოში ჩივილით კიდევ ერთხელ დაემუქრა. დაანონსებულ დოკუმენტურ ფილმში, სტენულისი მაყურებელს აღნიშნული ინციდენტის შესახებ სრულ ინფორმაციასაც ჰპირდება. ასევე გავრცელებული ცნობებით, დოკუმენტური ნამუშევარი რეპერის დაცვის სამსახურის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუსაც გააერთიანებს. ფილმის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად, პრემიერის თარიღი და სხვა დეტლები ამ ეტაპზე უცნობია.