ინტერნეტში ამერიკული ვოგის თებერვლის ნომრის გარეკანი ვრცელდება, რომელზეც ქამალა ჰარისია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ყდა ამერიკული ვოგის პლატფორმებზე ჯერ არ გამოქვეყნებულა და მას სხვა წყაროები გვიზიარებენ.

ქამალა ჰარისი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი არჩეული ქალი ვიცე-პრეზიდენტია. ამასთან, ქამალა ისტორიაში შევა, როგორც აშშ-ის პირველი  ფერადკანიანი და აზიელი-ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტიც. ჰარისი კალიფორნიაში 2 ემიგრანტის ოჯახში დაიბადა.

მომავალი 4 წლის განმავლობაში მასზე ყველა ჭრილში გაამახვილებენ ყურადღებას. ჰარისზე ასევე დაწერენ, როგორც ქალზე, რომელმაც გზა თეთრ სახლამდე Converse-ის კედებით გაიარა. ამერიკული ვოგის თავის პირველ ყდაზეც მას გრანჟის ეს სიმბოლო აცვია.

გარეკანი ვოგის სხვა გლამურული შეთავაზებებისგან განსხვავებულია. პოლიტიკისა და მოდის კვეთას რომ არ გადავუხვიოთ, საკმარისია მიშელ ობამას ყდები მოვიგონოთ, რომ ეს განსხვავება უფრო თვალსაჩინო გახდეს. ბევრს შესაძლოა ქამალას ბუნებრივი სახის გამომეტყველების, პოზისა და სტილის შემყურე პრეტენზიული ფონის შემჩნევისას შეუსაბამობის განცდაც დაეუფლოს.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ არის ფოტოს ავტორი, თუმცა დიდი ალბათობით ის ტაილერ მიჩელი უნდა იყოს – ახალგაზრდა ფოტოგრაფი, რომელიც 2019 წელს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ფერადკანიანი, ვინც ამერიკული ვოგის გარეკანი გადაიღო.  

ინტერნეტში გარეკანს კრიტიკა მოჰყვა. წერენ იმასაც, რომ იმდენად არარეალურია ვოგის მხრიდან ასეთი ყდა, ის შესაძლოა ყალბიც იყოს. საინტერესოა იაშარ ალის ტვიტებიც, რომლებშიც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტის საარჩევნო გუნდი ვოგის რედაქციასთან ამ გარეკანზე არ შეთანხმებულა და ამის ნაცვლად უნდა დაებეჭდათ ფოტო, რომელზეც ჰარისს ლურჯი პიჯაკი აცვია. ალი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გარეკანი ნამდვილია.