ბრექსიტის პროცესში გაურკვეველი რჩება ბრიტანული მოდის ბედი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიაა, რადგან მისი შემოსავალი 30 მილიარდ ევროს აღემატება და თითქმის მილიონ ადამიანს ასაქმებს. ბუნდოვანი მომავლის და საპროტესტო გამოსვლების პარალელურად ლონდონში რჩებიან დიზაინერები, რომელთა ჩვენებებზეც შეგვიძლია დავინახოთ, რომ რთულ სიტუაციაში მომავლის იმედი ჯერ კიდევ არსებობს.
მოლი გოდარდს სურდა, თავის ახალ კოლექციას დამცავი ფუნქცია ჰქონოდა. მისი განწყობის დაფა მრავალ შთამაგონებელ დეტალს მოიცავდა, მათ შორის იყო ტომას ჰარდის „ტესი დებერვილების გვარიდან.“
ახალ კოლექციაში დიზაინერმა თავის ტრადიციულ მოცულობით ტიულის და ტაფეტას კაბებთან ერთად ახალი ელემენტებიც შემოიტანა, მათ შორის არგაილის კარდიგანები, სვიტერები, კლასიკური მკერვალობის ტექნიკით შესრულებული დეტალები, ბალაკლავები და ნაქსოვი წინდები.
მოლის ეს ნამუშევარი მის წინა კოლექციებზე უფრო პრაქტიკულია. ბოლო ნეონის ვარდისფერი ლუქი კი მის ყველა სხვა ნამუშევარზე დიდი მოცულობით გამოირჩევა (მის შექმნას 100 მეტრზე მეტი ტიული დასჭირდა). დიზაინერის თქმით, ახალი კოლექცია მის მატარებელს „შტორმისგან დაიცავს.“
სიმონ როშას გოთური რომანტიკა ამ სეზონზე კიდევ უფრო ინტიმური და ფემინური იყო.
ლუის ბურჟუას პიროვნებით და შემოქმედებით შთაგონებულ დიზაინერს უნდოდა ხაზი გაესვა ქალის სხეულის ფორმისთვის და მისი თავისებურებებისთვის. მასზე განსაკუთრებით იმოქმედა მიროსლავ ტიჩის ჩეხეთში, თავის მშობლიურ ქალაქ კიჟოვში ქალებისთვის გადაღებულმა ფოტოების სერიამ, რომელმაც სიმონს პრობლემებთან ერთად ნათლად დაანახა ადამიანის ფორმა. სიმონზე წინააღმდეგობრივი რეჟისორის, მაიკლ ფოუელის, ფილმებმაც მოახდინა გავლენა. სხეულზე ფიქრმა მისი ქასთის მრავალფეროვნებაც განსაზღვრა. და ეს ნამდვილად არ ყოფილა ხელოვნურად და საზოგადოების სიმპატიის მოსაპოვებლად შექმნილი მრავალფეროვნების მცდელობა, არამედ იდეალური ბალანსი კოლექციის იდეასა და ქასთს შორის. გარდა დღეს მოღვაწე მოდელებისა, სიმონის შოუზე გამოვიდნენ კრისტენ ოუენი, ლილი ქოული, ოლიმპია ქემბელი, ლინდსი უიქსონი, ჯეიდ პარფიტი და მსახიობი ქლოე სევინი.
„სიმონი ჩემი მეგობარია და მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. მისი სამოსი მეტ გალაზე და სხვა არაერთ ღონისძიებაზე მცმია. მიყვარს, როცა სხვა ქალებს მხარს ვუჭერ, განსაკუთრებით ამ ინდუსტრიაში, ამიტომ, როცა თავის ჩვენებაზე გამოსვლა შემომთავაზა სიამოვნებით დავთანხმდი. მისი ტანსაცმელი მართლა არავისას არ ჰგაქვს და თავს არაამქვეყნიურად გაგრძნობინებს.“ – ქლოე სევინი
მბზინავი დეტალებით გაფორმებული ტიულით დაფარული თრენჩ ქურთუკები, ღია ვარდსიფერი ატლასის და ოქროსფერი სექუინებით მორთული კაბები, სამოსს გარედან მორგებული ბიუსჰალტერები და მრგვალი ფორმები კოლექციის გამორჩეული დეტალებია.
„ეს კოლექცია ეფუძნება ინტიმურობის, პირადულობის, დაცულობის და ფემინურობის იდეას.“ – სიმონ როშა
„მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი,“ მერი ქათრანზუს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის თემას ბუნების ძალები წარმოადგენს. ჩვენება ნატალია ვოდიანოვამ ლიმონისფერი კაბით გახსნა.
დიზაინერი შეეცადა აღნიშნული ელემენტები თავის კოლექციაში ფერადი პრინტების, რაფლების და სირაქლემას ბუმბულების გამოყენებით გამოევლინა. ამ კოლექციით მერიმ აჩვენა, რომ მას საუკეთესოდ შეუძლია დეტალებში გადსმოსცეს თავისი წარმოსახვითი სამყარო.
„სილამაზე დეტალებშია“ – შეუძლებელია ეს აზრი არ გაგიჩნდეს, როცა მერი ქათრანზუს შემოქმედებას უყურებ.