2017 წელს “ნიუ-იორკ თაიმსი” წერდა: „დიორმა შესაძლოა გამოიგონა ახალი ლუქი, მაგრამ დრის ვან ნოტენს სპეციფიკური ცისფერი აქვს, უფრო ღია, ვიდრე მუქი ლურჯი, უფრო მუქი, ვიდრე ღიღილო, უფრო ღრმა, ვიდრე წყნარი ოკეანე. აგრეთვე არსებობს ვან ნოტენის სპეციფიკური ყვითელი, ვან ნოტენის მწვანე. დრისის დიდებული ნიჭი ფერებშია. არ არსებობს სხვა ცოცხალი დიზაინერი, ვინც ფერებს დრის ვან ნოტენის მსგავსად იყენებს.”

საკმარისია ბელგიელი დიზაინერის შემოქმედებას თვალი გადავავლოთ და ჩვენ ამ აზრის სისწორეში აუცილებლად დავრწმუნდებით. მისი ფერები თავისთავად მეტყველებს, მათი ეფექტი კი მომაჯადოვებელია. და როცა ამ კუთხით დრისის გამორჩეულ შეთავაზებაზე ვფიქრობთ, აუცილებლად გვახსენდება 2009 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, რომლისთვისაც დიზაინერი ფერებს სხვას – ფრენსის ბეკონს დაესესხა.

Dries Van Noten შემოდგომა/ზამთარი 2009
© Vogue Runway / Marcio Madeira

“როდესაც ამ კოლექციაზე მუშაობა დავიწყე, ლონდონში ფრენსის ბეკონის გამოფენას ვეწვიე. იქიდან გამოსვლისას სრულიად გაოგნებული ვიყავი,” – იხსენებს დრისი. “არ ვიცოდი იმ მომენტში ყველაზე მშვენიერი თუ ყველაზე უშნო რამ ვიხილე, რაშიც ჩემი ცხოვრების დანახვა შემეძლო. სილამაზეს და სიმახინჯეს ერთდროულად მოვეცვი და მინდოდა, გამომეხატა, რასაც განვიცდიდი – და ეს კოლექციაშიც გამომევლინა.”

ვან ნოტენმა კოლექცია ბეკონის ნახატებში გამოყენებული ფერების მიმბაძველობით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მის ჩვენებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა და შთამბეჭდავი შედეგი არც გაყიდვებმა აჩვენა, დრისი შემოქმედებაში ის გამორჩეულ ადგილს იკავებს. როგორც თავად ამბობს, ფერებთან მიმართებაში ასე შორს არასოდეს წასულა.