პაკო რაბანი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია. ის მოდაში პიერ კარდენთან და ანდრე კურეჟთან ერთად კოსმოსური ეპოქის პიონერად მიიჩნევა. მისი ქმნილებები არამარტო დროის შესაბამისი განსხვავებული დიზაინით გამოირჩეოდა, არამედ გამოყენებული მასალითაც. რაბანი უპირატესობას პლასტმასსა და მეტალს ანიჭებდა.

დიზაინერის კაბაში გამოწყობილი ფრანსუაზა არდი განსაკუთრებული ბრწყინვალებითა და სიმდიდრით წარმოაჩენს სამოციან წლებს, ახალ განწყობასა და დამოკიდებულებას.

იმ პერიოდში პაკო რაბანის ინოვაციური სამოსით ყურადღებას არაერთი ცნობადი სახე იპყრობდა, მათ შორის იყვნენ: ოდრი ჰეპბერნი, ბრიჯიტ ბარდო, ჯეინ ბირკინი, ტვიგი, ჯეინ ფონდა და ა.შ. ფრანგმა მომღერალმა კი თავის იმიჯს იდეალურად მორგებული ეს კაბა, რომელიც 9 კილოგრამზე მეტს იწონიდა, საზოგადოებას 1968 წელს წარუდგინა და სამუდამოდ იქცა მოდის სახლის ისტორიის ნაწილად.

რაბანის ნამუშევარი 1000 ოქროს ფირფიტას და ბრილიანტების 300 კარატს მოიცავდა. მაშინ ის დახასიათდა, როგორც „მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კაბა.“ ბუნებრივია, მასში შემოსილი ფრანსუაზა შეიარაღებულ დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა.