ახალი თაობის ცნობილმა მსახიობმა, ფლორენს ფიუმ ახლახანს ჰოლივუდის კინოკომპანიებთან და პროდიუსერებთან მუშაობის საკუთარ უარყოფით გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც მსახიობმა განაცხადა, ერთ-ერთმა პროდიუსერმა გარეგნობის შეცვლის აუცილებლობაზე გაუმახვილა ყურადღება. ფლორენს ფიუს თქმით, მაშინ სულ რაღაც 19 წლის იყო და სამსახიობო კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებოდა.

“მათ სურდათ ჩემი წონის, ნაკვთების, სახის ოვალის და თითქმის ყველა დეტალის შეცვლა. ეს იყო ის, რისი გაკეთებაც ნამდვილად არ მსურდა და არც ასეთ ინდუსტრიაში მუშაობა მინდოდა” – განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.

ფლორენს ფიუ ამჟამად თანამედროვე კინემატოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ის არაერთი ცნობილი ფილმის სამსახიობო შემადგენლობაშია. შეგახსენებთ, რომ ფლორენსს მაყურებელი ასევე იხილავს 2023 წლისათვის ხმაურიანად დაანონსებული კინოსურათის – Dune-ის მეორე ნაწილშიც, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. 

აღსანიშნავია, რომ ფიუ არამხოლოდ კინოს, არამედ მსოფლიო მოდისათვის გამორჩეულ ვარსკვლავადაც იქცა. ფლორენსი 2020 წლის თებერვალში ამერიკული Vogue-ის ყდაზეც გამოჩნდა.