ANDAM, მოდის და ხელოვნების განვითარების ფრანგული ასოციაცია, ახალგაზრდა დიზაინერების მხარდასაჭერი კონკურსის 2021 წლის ჟიურის წევრებს ასახელებს. ტრადიციულად, ღონისძიებას სპონსორებთან და უცვლელ წევრებთან ერთად, ახალი სახეებიც ეყოლება, მათ შორის არიან ინგლისელი დიზაინერი, სელინის ყოფილი შემოქმედებითი დირექტორი, ფიბი ფაილო და კ-პოპის ვარსკვლავი – ლისა მანობანი.
ლისას კარიერული აღმასვლა 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც სამხრეთ კორეულმა კომპანია YG Entertainment -მა ჯგუფი ბლექფინქი შექმნა. დღესდღეობით, BLACKPINK მსოფლიოში მოწინავე გოგონათა ჯგუფია, რომელსაც მილიონობით მსმენელი ჰყავს. კომერციულმა წარმატებამ და კ-პოპის მსოფლიო ფენომენად ჩამოყალიბებამ ლისა მოდის ვარსკვლავადაც აქცია. ფიბი ფაილოს სელინიდან წამოსვლის შემდეგ, ბრენდის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა, ედი სლიმანმა მანობანი სელინის საერთაშორიშო ელჩად წარადგინა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც წამყვანი ფრანგული ბრენდის მთავარ სახედ აზიელი სელებრითი გვევლინება.
აღსანიშნავია, რომ ჟიურის პრეზიდენტის პოზიციაზე, ნადია სვაროვსკი, ბალენსიაგას გენერალურმა დირექტორმა, სედრიქ შარბიმ შეცვალა. როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ახალგაზრდა დიზაინერი, რომელიც 2021 წლის ANDAM-ის კონკურსს მოიგებს, ფინანსური მხარდაჭერის სახით 450,000 ევროს მიიღებს. გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში, მისი მენტორი სედრიქ შარბი იქნება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება თებერვალში დაიწყო და 15 აპრილამდე გასტანს. გამარჯვებულების და მთავარი პრიზის მფლობელის ვინაობას 2021 წლის ივლისში გავიგებთ.