ორი თვის წინ ფიბი ფაილოს ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამ პროფილზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელმაც საზოგადოებას www.phoebephilo.com-ის ამოქმედების და მასზე დარეგისტრირების შესაძლებლობის შესახებ ატყობინებდა. ვებგვერდზე სტუმრობის შემდეგ, შავ ფონზე თეთრად დაწეილი შემდეგი წარწერა გვხვდება: “დარეგისტრირდით აქ სიახლეებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის.”

ფაილოს მიერ დღეს დაგზავნილი მეილის მიხედვით, 30 ოქტომბერს აღნიშნულ ვებგვერდზე მისი ბრენდის პირველი ნამუშევრები განთავსდება. თუმცა მასში მითითებული იყო მხოლოდ თარიღი და ასევე მოიცავდა ვიზუალურ გამოსახულებებს.

ფიბი ფაილო

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიბი ფაილო ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ მოდაში საკუთარი ბრენდით ბრუნდებოდა, 2021 წლის ივლისში გახდა ცნობილი. Phoebe Philo შეიქმნა, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი, რომლის მცირე წილსაც LVMH ფლობს.

ფაილო მოდის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული, ცნობილი და დაფასებული ქალი დიზაინერია. მან განათლება Central Saint Martins-ში მიიღო. 1997 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, თავის მეგობარ სტელა მაკარტნისთან Chloé-ში ასისტენტად დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ, რაც სტელამ ბრენდი დატოვა, კრეატიული დირექტორის პოზიციაზე ის სწორედ ფაილომ ჩაანაცვლა. Chloé-ში დაკავებული თანამდებობიდან 2006 წელს წავიდა და ორ წლიანი პაუზა აიღო. მოდას Céline-ს კრეატიულ დირექტორად დაუბრუნდა და სახელიც ყველაზე მეტად ამ მოდის სახლში მუშაობით გაითქვა. მინიმალისტური ესთეტიკით მან ინტელექტუალური მოდის უამრავი მოყვარულის გული მოიგო, რადგან ფაილომ მათ ის შესთავაზა, რაც არ იცოდნენ, რომ სურდათ და დიზაინერმა “Philophiles”-ად წოდებული მრავალი ლოიალური გულშემატკივარი შეიძინა.