2018 წლის ნოემბერში ტაილანდში შანელის კრუიზ კოლექციის განმეორებით ჩვენებაზე ფარელ უილიამსმა ბრენდთან თავისი მორიგი თანამშრომლობის შესახებ გააჟღერა: ფარელ უილიამსი შანელისთვის კაფსულა კოლექციას შექმნის. ღონისძიებაზე მას ყვითელი ჰუდი ეცვა, რომლის დეტალებიც დამოუკიდებლად მეტყველებდნენ ახალ პროექტზე. ჰუდი დაანონსებული კოლექციიდან პირველი დიზაინი იყო, რომელიც მუსიკოსმა თავად წარადგინა.
შანელის კაფსულა კოლექციის დებიუტი, რომელიც ფარელ უილიამსმა 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის შექმნა, 29 მარტს ბრენდის სეულის ახალ მაღაზიაში შედგება, 4 აპრილიდან კი სხვა შერჩეულ მაღაზიებშიც იქნება წარმოდგენილი.
უკვე გავრცელდა ფოტოები ‘Chanel Pharrell’ კამპანიიდან და ფილმი, რომელიც გვიჩნებს თუ რა ხდებოდა კადრს მიღმა და უილიამსის სიტყვებით გვაგებინებს კოლექციის არსს.
კამპანია შთაგონებულია ანიმე აკირათი და მასში მონაწილეობას იღებენ მოდელები: ალტონ მეისონი, ანოკ იაი, ადესუვა აიგევი, ადუთ აკეჩი და სხვები.
“იაპონია ჩემი მეორე სახლია. აკირა ლეგენდარული ანიმეა და წლების განმავლობაში შეპყრობილი ვიყავი იმ სკუტერებით, რომლებსაც ტოკიოს ქუჩებში ვხედავდი. როდესაც პარიზში მათ ეს იდეა წარვუდგინე, მეგონა, ერიკი მეტყოდა, რომ გიჟი ვიყავი; მაგრამ ჩემდა გასაკვირად, იდეა მოეწონა, უნდოდა შემოქმედებითი თავისუფლებით მესარგებლა და ვყოფილიყავი რაღაც ისეთის ნაწილი, რითიც ვიამაყებდი.“ – ფარელ უილიამსი
ზოგისთვის შეიძლება ფარელის მიერ შანელისთვის კოლექციის შექმნის იდეა გასაკვირი აღმოჩნდეს, თუმცა თუ ახლო წარსულს თვალს გადავავლებთ ვნახავთ, რომ ეს თანამშრომლობა არა ახლის დასაწყისი, არამედ უკვე დაწყებულის გაგრძელებაა. ფარელის შანელთან ურთიერთობა მხოლოდ წინა რიგში ჯდომას და წითელ ხალიჩაზე ბრენდის სამოსის წარდგენას არ გულისხმობს.
2014 წელს 45 წლის მუსიკოსმა თავისი ჩვეული როლი მოირგო, შანელის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „რეინკარნაცია“ სიმღერა „CC The World” შექმნა და მასში კარა დელევინთან ერთად გამოჩნდა. 2017 და 2019 წლების Metier d’Arts ჩვენებებზე მოდელად მოგვევლინა, გახდა პირველი მამაკაცი, რომელმაც შანელის ჩანთას რეკლამა გაუწია, ორი წლის წინ კი დიზაინის კუთხითაც წავიდა, როცა ადიდასთან თანამშრომლობით შანელისთვის ექსკლუზიური სნიკერი შექმნა. 500 წყვილისთვის მომლოდინეთა სიაში თავის რიგს 120,000 ადამიანი ელოდებოდა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წლების განმავლობაში მას კარლ ლაგერფელდთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
„კარლს წლების განმავლობაში ღონისძიებებზე ან სასტუმრო მერსერში ვაწყდებოდი. ჩემ მიმართ ყოველთვის კარგად იყო განწყობილი და არ გამოეპარებოდა, რომ ჩემს ფეხსაცმელებზე შანელი მქონდა დაწერილი,“ – ამბობს ფარელი ახალ ინტერვიუში. „როდესაც გავიგეთ, რომ შანელს ბრენდისთვის ჩემი ამბასადორობა უნდოდა, ერთად უფრო დიდი დროის გატარების შესაძლებლობა მოგვეცა. ის გამორჩეული ინტელექტის პატრონი იყო და ამაზე მისი ტალანტიც მეტყველებს. ყოველთვის მაოცებდა თუ როგორ ქმნიდა ესკიზებს. როდესაც შანელმა რამდენიმე წლის წინ ფილმში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა, მას სტუდიაში შევხვდი და იმ სამოსის ესკიზები შექმნა, რომელიც უნდოდა, რომ მცმოდა. საბოლოოდ, რაც მეცვა ძირითადად ესკიზი იყო. ყოველთვის ძალიან გულრწფელი იყო, მან მე და ჩემი გუნდი გაშლილი მკლავებით მიგვიღო შანელის ოჯახში. სულ მუშაობდა და ერთი რამ, რაც არასდროს დამავიწყდება ტურს უკავშირდება თავის ერთ-ერთ სახლში. როცა მისი დათვალიერებისას საძინებლამდე მივედით, გვითხრა, რომ ყველაზე ნაკლებად სახლის ეს ნაწილი უყვარდა, რადგან ვერ იტანდა იქ დროის გატარებას, რადგან თვლიდა, რომ დროს კარგავდა, მას კი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი.“
ფარელის შანელისთვის შექმნილ კოლექციას უნისექს ნაწილები გამოარჩევს. ორივე სქესისთვის განკუთვნილი სამოსი არის ახალი მიდგომა, რომელიც მუსიკოსმა ლეგენდარულ მოდის სახლში დანერგა.
„არ არის საჭირო საზღვრების არსებობა მანამ, სანამ მემკვიდრეობას ინარჩუნებ და ანვითარებ, როგორც ამას კარლი აკეთებდა. ჩვენ არ გვჭირდება კედლები, ჩვენ ხიდები გვინდა.“ – ფარელ უილიამსი