ტანისამოსი ჩვენ შესახებ იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე მხოლოდ სტილი და გემოვნებაა.  ის ჩვენს ინტერესებს, ფასეულობებს, ცხოვრების სტილს და ხასიათსაც გამოხატავს.  სწრაფი მოდის ფენომენმა უნიკალური მოდელების შეძენის სურვილი გააჩინა – ისეთი ტანისამოსის და აქსესუარების ფლობისა, რომლებიც არ არის მასობრივი წარმოების და გარკვეული იდეის მატარებელია.  ქართულ  რეალობაში, მომხმარებლის ამ სურვილს, გარკვეულწილად, პასუხობენ ადგილობრივი ბრენდები.  მიუხედავად საერთაშორისო ბრენდების სიმრავლისა, ადგილობრივ მწარმოებლებს თავისი უპირატესობა აქვთ – ისინი ყველაზე კარგად იცნობენ ქართველ მომხმარებელს, მის პრიორიტეტებსა და ინტერესებს. 

როდესაც ვსუბრობთ ადგილობრივი წარმოების ტანისამოსისა თუ აქსესუარების სიკეთეებსა და უპირატესობებზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კონცეფციაა – გზავნილები და სიმბოლოები, რომლებიც  ჩვენთვის ნაცნობი და ახლობელი, თუმცა, ამავდროულად იშვიათია. ამ იდეას ზუსტად პასუხობს თიბისის და ხელოვნების სასახლის ახალი პროექტი – ქართული ქსოვილი, რომელმაც  აქ და ახლა, კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე მოდის ნაწილად აქცია. პროექტის ფარგლებში, ქართველი დიზაინერები და ბრენდები გაერთიანდნენ და ტრადიციული ქართული ქსოვილით, საუკუნეების წინანდელი პატერნებით შთაგონებული თანამედროვე კოლექციები წარადგინეს. 

გთავაზობთ  7  ქართულ  ბრენდს, რომლებიც  ქართული ქსოვილის უნიკალური ნიმუშებით შთაგონებულ კოლექციებს ქმნის. 

MERAKI

როცა ჩვენს სამოსზე და აქსესუარზე საუკუნეების წინანდელ ფრესკებზე გამოსახული სამოსის ორნამენტებს აღმოვაჩენთ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ ვიზუალთან ერთად, ტანისამოსის შინაარსი ყოველთვის განაპირობებს მის მნიშვნელობას. “ქართული ქსოვილის” პროექტის ფარგლებში, “მერაკი” ტრადიციული ქსოვილის მოტივებზე შექმნილ ფერად ჩანთებს, შარფებს და საცურაო კოსტიუმებს გთავაზობთ. 

MUZARADI

ბრენდის კონცეფცია, მისი სტილი მნიშვნელოვნად არის შთაგონებული ჩვენი ისტორიით, ქართული ტრადიციებით. ორიგინალურ მოდელებში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა კლასიკური ფორმის თავსაბურავი. ეს თავსაბურავები ბრენდის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა და არაერთხელ დაიმსახურა საერთაშორისო გამოცემების ყურადღება, მათ შორის არის მოდის პრესის  წამყვანი ჟურნალი – Vogue. ქართული ქსოვილის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კოლექციამ, ქართული ტრადიციების თანამედროვე მოდაში გაცოცხლების იდეა კიდევ უფრო ხელშესახები გახადა. 

LOVESTARS 

ბრენდის ისტორია 2019 წლიდან იწყება. მისი კონცეფცია სიმარტივეა, თუმცა ამავდროულად, ბრენდი მომხმარებელს ავთენტურ და პრაქტიკულ კოლექციებს სთავაზობს.  ქართული ქსოვილის ფარგლებში,  LOVESTARS-მა ცნობილი „Mary-Jane“ მოდელის ფეხსაცმელი წარადგინა. ეს არის ნატურალური მასალისაგან დამზადებული, ქართული ქსოვილის ფერადი პატერნებით შექმნილი კარგად ნაცნობი მოდელის ორიგინალური ინტერპრეტაცია, რომელიც თქვენს ყოველდღიურ სტილს უნიკალურ ხასიათს შესძენს.

 

SIDE I SIZE

პერსონალური კომპიუტერისათვის განკუთვნილი ჩანთა თანამედროვე რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნივთია. თუმცა, ქართული ბრენდის Side Size-ის შექმნილი მოდელები პრაქტიკულთან ერთად, ორიგინალურ აქსესუარადაც იქცა. პროექტის ფარგლებში შექმნილი მოდელები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ორგანულად შეიძლება შეერწყას ტრადიციული ელემენტები თანამედროვე სტილს.  კოლექციის ფარგლებში, Side Size-მა ასევე წარმოადგინა ისეთი ფუნქციური და აქტუალური აქსესუარები, როგორებიც არის კოსმეტიკის ჩანთა და დახვეწილი დიზაინის ხავერდის ჩანთა.

LABORATORY TMGROUP

TMGroup Laboratory ქართველმა მომხმარებელმა პირველად 2018 წელს გაიცნო, როცა ის ადგილობრივ ბაზარზე გაჩნდა, როგორც ჯინსის სამოსის მწარმოებელი ქართული კომპანია. ქართული ქსოვილის ფარგლებში, ბრენდმა განსხვავებული კოლექცია შექმნა – ეს არის თანამედროვე ყოველდღიური მაისურები ქართული ქსოვილის ტრადიციული ორნამენტებით, ასევე ტრადიციული ქსოვილის პატერნებით შექმნილი კიმონოს და საწვიმარის ორიგინალური მოდელი. 

BIALONI

BIALONI ქართული ბრენდია, რომელმაც მომხმარებელს თავი გააცნო ლამაზი და კომფორტული, აბრეშუმის  საღამურებისა და ხალათების წარმოებით. ქართული ქსოვილის ფარგლებში, ბრენდმა ახალი კოლექცია წარმოადგინა –  ეს არის მოდელები, რომლებიც ქტიტორთა სამოსის ორნამენტის მოტივებზეა შექმნილი. 

SPILOW

ბრენდი 2016 წლიდან ბავშვებისათვის მოსახერხებელ, ორიგინალურ  სამოსს ქმნის. უნდა ითქვას, რომ ქართული ქსოვილის ფერადოვნებამ, მისმა მრავალფეროვნებამ ხელი შეუწყო იმას, რომ ბრენდმა ის საკუთარ კონცეფციას  მოარგო და ორიგინალური, სახასიათო კოლექცია შექმნა. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ქართული ქსოვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გადაიკვეთოს ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთთან. გარდა სენტიმენტალური მხარისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული წარმოების პროდუქციის შეძენის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ეკონომიკის და კონკრეტულად ამ ინდუსტრიის განვითარებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ სწორედ ადგილობრივი მომხმარებლის აქტიური დაინტერესებიდან იწყება საერთაშორისო წარმატებაც. ქართული ქსოვილის მიზანიც ჩვენი კულტურული მემკვიდროების გადააზრება, მისთვის თანამედროვე ფორმის მიცემა, პოპულარიზაცია და ამასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების წახალისება და ხელშეწყობაა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი გრძელდება და ყველა დაინტერესებულ სტარტაპს, ბრენდს, თანამედროვე დიზაინერს საშუალება აქვს ჩაერთოს და თავისი ინტერპრეტაციით, ქართული ქსოვილის სიცოცხლე გააგრძელოს.