ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ფლორენციაში მდებარე უფიცის გალერეა Jean Paul Gaultier-ს უჩივის. დავის მიზეზი მუზეუმის სივრცეში დაცული სანდრო ბოტიჩელის ნამუშევრის, “ვენერას დაბადების,” გამოსახულებების მოდის სახლის ტანსაცმლის ასორტიმენტში უნებართვო გამოყენებაა.

The Guardian-ის ცნობით, უფიცის დირექტორმა აიკე შმიდტმა მოდის სახლს წერილით ჯერ კიდევ აპრილში მიმართა, რომელშიც გადასახადის გადახდას ან იმ პროდუქტების გაყიდვიდან ამოღებას ითხოვდა, რომლებშიც მუზეუმის ვებ-საიტიდან და სოციალური არხებიდან აღებული მე-15 საუკუნეში შესრულებული ხელოვნების ნიმუშის გამოსახულებები ნებართვის გარეშე იყო გამოყენებული.

“მოდის დიზაინერები ჩვენს სურათებს რეგულარულად იყენებენ, თუმცა უმეტესობამ კარგად იცის იტალიური კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხელოვნების ნიმუში მოითხოვს ავტორიზებას ან გარკვეული თანხის გადახდას,” აღნიშნა აიკემ. “რაც განისაზღვრება გაყიდვების რაოდენობით, პროდუქტების ფასით და ა.შ.”

უფიცის მიერ საჩივრის შეტანის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც Jean Paul Gaultier-ის მხრიდან მუზეუმის დირექტორის წერილი უპასუხოდ დარჩა. მოდის სახლს შესაძლოა €100,000-ზე მეტის კომპენსაცია დაეკისროს.