უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ვოგის ადგილობრივი გამოცემა მოდის ინდუსტრიას აგრესორი ქვეყნისთვის ემბარგოს დაწესებას მოუწოდებს.

პირველ მარტს სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინული ვოგი რუსეთში მოდისა და მდიდრული ნაწარმის ექსპორტის დაუყოვნებლივ აკრძალვას მოითხოვს.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო აგრესიისა და უკრაინაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, უკრაინული ვოგი მოუწოდებს ყველა საერთაშორისო მოდის კონგლომერატსა და კომპანიას, რომ დაუყოვნებლის შეწყვიტონ აგრესორის ბაზართან ყოველგვარი თანამშრომლობა. უკრაინული ვოგი, უპირველესყოვლისა, ყველაზე დიდ მოთამაშეებს და პარტნიორებს მიმართავს, რომელთა შორისაც არის: LVMH, Kering, Richemont, Prada Group, Swatch Group, Chanel, Hermes, Dolce & Gabbana, Max Mara, Burberry, Valentino, Versace, Hugo Boss, Calzedonia, Puig, Shiseido,“ – წერს უკრაინული ვოგი.

უკრაინულ ვოგში დასაქმებულ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადა Vogue CS-მაც (ჩეხოსლოვაკია) და საჯაროდ გამოვიდა იმავე ინიციატივით.

რუსეთში პროდუქციის მიწოდება უკვე შეაჩერა Nike-მ და Richemont-ის მფლობელობაში არსებულმა Yoox Net-a-Porter Group-მა, Adidas-მა კი რუსეთის საფეხბურთო გუნდთან პარტნიორობა შეწყვიტა.

სულ ცოტა ხნის წინ კი Kering-მა და მის მფლობალობაში არსებულმა ბრენდმა Balenciaga-მ უკრაინისადმი სოლიდარობა ღიად გამოხატეს. ისინი უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერი ინიციატივით გამოვიდნენ, რომლის მიხედვითაც UNHCR-სა და WFP-ში მნიშვნელოვანი დონაცია განხორციელდება. თუმცა რამდენადაც აღნიშული გადაწყვეტილება მისასალმებელია, არასკმარისია იმის მისაღწევად, რასაც უკრაინული ვოგი ინდუსტრიას მოუწოდებს.

“თქვენი სინდისის ჩვენება და მონეტარულ სარგებელთან შედარებით უპირატესობის ჰუმანურობისთვის მინიჭება არის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ შეგიძლიათ გადადგათ. 

ამასთანავე, უკრაინული ვოგი მოდის გლობალურ ინდუსტრიას მოუწოდებს ნუ იქნება ამ ბნელ დროს ჩუმად, რადგან მას უძლიერესი ხმა აქვს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.