ნიუ-იორკის მოდის კვირეული ლინკოლნის ცენტრში გამართული ტომ ფორდის ჩვენებით დაიხურა. დიზაინერმა შოუზე დამსწრე აუდიტორიას სპორტული გლამური შესთავაზა, რომელიც უბრალოებას განსაკუთრებული ეფექტით წარმოაჩენდა.
ფორდის შემოქმედება თავიდანვე, ჯერ კიდევ გუჩის წლებიდან ასოცირდებოდა პერფექციონისტის ძალისხმევით გამოხატულ გამომწვევ, წინააღმდეგობრივ და შოკისმომგვრელად კარგ გემოვნებასთან, რომელიც ზოგჯერ ცუდსაც მოიცავდა და ჩვენთვის ეს ამჯერადაც ნათელი გახდა.
© Instagram / tomford
ეს არ ყოფილა სპორტულ ფორმებში გამოხატული დაბალანსებული ბრწყინვალება და ფერადოვნება, არამედ უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ წვეულებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. კოლექცია, რომლის ინსპირაციაც ლოს ანჯელესიდან მოდის, ტომმა ასე დაახასიათა: “უბრალო ჭრით, მაგრამ არა ეფექტით.”
ვარდისფერის, ციფერის, მწვანის, წითლისა და იასამნისფერის თამამი შეხამებით ფორდმა უმკლავებო მაისურები, ჯოგერები, ბომბერ ქურთუკები, ატლასის პერანგები, საშუალო სიგრძის შორტები და ქვედაბოლოები წარმოგვიდგინა და იმისათვის, რათა სამოსს უფრო დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექციეთ, ბზინვარებაც შემატა. მან ფუფუნებასთან ყველაზე მეტად ასოცირებული ფერების, ვერცხლისფერისა და ოქროსფერის, კომბინაციებიც უხვად გამოიყენა. და თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, ლუქებზე წარმოგვიდგინა სამკაულები, რომლებიც მათ კიდევ უფრო თვალისმომჭრელს ხდიდა.

© Instagram / tomford
“ცოტა ცუდი გემოვნება ჩემს წიგნში ყოველთვის კარგი გემოვნებაა.”
ტომ ფორდი
2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ტომ ფორდის ექსპერიმენტი, სპორტული სამოსი საღამოს ტანისამოსად გარდაექმნა, წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენება უჩვეულო პატარძალმა დახურა. ოქროსფერი შარვლით, ვერცხლისფერი ბიუსჰალტერითა და მიწაზე დაშვებული მოსაცმლით, ის ხელში თეთრი ყვავილებისგან შეკრული თაიგულით გამოჩნდა.
Tom Ford გაზაფხული/ზაფხული 2022