ნიუ-იორკის მოდის კვირეულის პირველ დღეს ტომ ფორდმა თავისი გლობალური ხედვა ლოს ანჯელესში გამოავლინა. CFDA-ს ახალმა თავჯდომარემ დაგვანახა, რომ ახალი პერსპექტივიდან მსჯელობას ის, პირველ რიგში, საკუთარ ბრენდში იწყებს და ახალ სეზონზე უჩვეულო შემოთავაზებები აქვს.
2020 წლის შემოდგომა/ზამთრისთვის ტომ ფორდის ესთეტიკა განსხვავებულ სახეს იძენს და ის აღარ არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი ერთდროულად უხეში და მაცდური სექსუალურობის გამომხატველი.
ფორდი რისკებს არ შეუშინდა და ამან გაამართლა. მუხლს ქვემოთ დაშვებული ასიმეტრიული კაბებით, მოცულობითი შარვლებით, პლატფორმაზე მდგარი, სკულპტურული ქუსლიანი ფეხსაცმელებით, უბრალოების და ექსტრავაგანტულობის მიქსით და ლუქების სრულყოფისთვის დამატებული ბუმბულის დიდი ზომის საყურეებით, მისი კოლექცია ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი მსუბუქი, თავისუფალი და, ამავდროულად, წინააღმდეგობრივი. თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგი ტომისთვის არც ისე ბუნებრივი იყო.
ახლა იმ დიზაინერზე ვსაუბრობთ, რომელიც ლოგომანიის აღმავლობის პერიოდში პროვოკაციას არ მოერიდა და ბრენდის ლოგო მოდელის ინტიმურ ადგილზე მისი თმით გამოსახა. ბრენდინგი ახლა ისეთი მნიშვნელოვანი გახდა, როგორც არასდროს და როგორ იქცევა ამ დროს ტომ ფორდი? მარტივ გადაწყვეტილებას იღებს და თავისი ბრენდის სახელს უბრალო მაისურებს აწერს. ნამდვილად მოულოდნელი გადაწყვეტილებაა ტომის მხრიდან (არავითარი ირონია).
მისი ერთ-ერთი შემოთავაზებაა გვეცვას ისე, თითქოს ამაზე ბევრი არ გვიფიქრია, ვიყოთ თავისუფლები და თუ გვენდომება სპორტული შარვლის და მაისურის გარედან ლეოპარდის პრინტიანი გრძელი ქურთუკიც შემოვიცვათ – არ დაგვავიწყდეს მათი შეხამება ბუმბულის საყურეებთან და მაღალქუსლიან, პლატფორმაზე მდგარ ფეხსაცმელთან.
„ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სეზონის „დამოკიდებულება.“ იმ ქალის თუ მამაკაცის „განწყობა“ და „ხასიათი,“ რომელიც დროის მოცემულ მომენტს განსაზღვრავს.“
ტომ ფორდი
ფორდის მთავარი შთაგონება 1967 წელს პარიზის ვოგში გამოქვეყნებული რობ რიჩარდსონის გადაღებული ფოტო იყო. Donna Mitchell and Baron Alexis de Waldner by Rob Richardson
ტომი არასდროს ყოფილა ისეთი მგრძნობიარე, როგორიც ახლა. ჩვენების ბოლოს მოდელებმა დრამატული, შავი მაქმანებიანი დიდი ბაფთებით გაფორმებული კაბები წარმოადგინეს, ბოლოს კი დიზაინერმა აშკარა გახადა თავისი რომანტიული განწყობა, როდესაც ჩვენება პატარძალმა დახურა, ეს კი ფორდის შოუზე პირველად მოხდა.