ძვირფასი სამკაულების სახელგათქმულმა ბრენდმა, Tiffany & Co-მ ახალი საერთაშორისო სახეები წარადგინა. ტიფანის გუნდს ტრეისი ელის როსი, აილინ გუ და ანია ტეილორ-ჯოი უერთდებიან. სამივე მათგანი მონაწილეობს ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში, რომელიც ფოტოგრაფმა, მარიო სორენტიმ გადაიღო. ახალი კოლექცია, “T1 Jewelry Collection” გაყიდვაში 15 ივნისიდან გამოჩნდება.

„მოზარდობაში,ხშირად მივდიოდი მეხუთე ავენიუზე,ტიფანის მაღაზიასთან და თავს ზრდასრულ ქალად წარმოვიდგენდი, რომელსაც თამამი, ელეგანტური, ტიფანის ხელწერისათვის დამახასიათებელი ბრილიანტები უკეთია. ვიყო ამ საკულტო ბრენდის სახე და წარვადგინო T1 კოლექცია, ჩემი ახდენილი ოცნებაა“, – ამბობს ტრეისი ელის როსი.

ტრეისისგან განსხვავებით, ტიფანის და ანია ტეილორ-ჯოის თანამშრომლობის შესახებ, ხმები ჯერ კიდევ 2 თვის წინ გავრცელდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ნიუ-იორკში, ბრენდის კამპანიის გადაღებებზე შენიშნეს.

„მიყვარს სამკაული, რომელიც სიმბოლიზმს ატარებს. მას ისტორია უნდა გააჩნდეს,“ – აღნიშნავს გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის, “The Queen’s Gambit”-ის მსახიობი ახალ ინტერვიუში.

რაც შეეხება აილინ გუს, ის ბრენდის ახალ წარმდგენებში ყველაზე უცნობი სახეა, თუმცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გუ მომავლის ვარსკვლავია. 2022 წელს, ახალგაზრდა მოთხილამურე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში პირველად იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, სამკაულების ცნობილ ბრენდს და ფრანგულ კომპანია LVMH -ს შორის, მრავალმილიარდიანი გარიგება შედგა. LVMH -მა, ბერნარ არნოს ხელმძღვანელობით, Tiffany & Co 15.8 მილიარდ დოლარად შეიძინა.