გრეის კელისა და პრინცესა დაიანას ფენომენების შემდეგ, მსოფლიოს გარშემო სამეფო ოჯახის წევრების სტილი და იმიჯი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე მანამდე. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით ქეით მიდლტონზე და მეგან მარკლზე, მათი სტილი საკულტოა და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს, თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებში, არა მარტო დიდ ბრიტანეთში, სადაც მონარქია ჯერ კიდევ არსებობს, სამეფო ოჯახის ქალბატონები და მათი ჩაცმის სტილი ნამდვილად იმსახურებს აღნიშნვას.

დედოფალი რანია

იორდანიის დედოფალი რანია წარმოშობით პალესტინელია, თუმცა ქუვეითში დაიბადა. განათლება კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში მიიღო. 1993 წელს მან იორდანიის მომავალ მეფე აბდულა მეორეზე იქორწინა, ხოლო 1999 წელს ოფიციალურად გახდა იორდანიის დედოფალი.

დედოფალი ლეტიცია

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ესპანეთის მეფის ფელიპე მეექვსის მეუღლეა. მათ 2004 წელს იქორწინეს, ხოლო ფილიპეს მეფედ 2014 წელს აკურთხეს. აღსანიშნია, რომ ლეტიციასთვის ეს მეორე ქორწინებაა (ისევე როგორც მეგან მარკლისთვის ქორწინება პრინც ჰარისთან).

პრინცესა მარია-ოლიმპია

დანიისა და საბერძნეთის პრინცესა მარია-ოლიმპია სულ რაღაც 25 წლისაა. 17 წლისამ მან დიორის ატელიეში ინტერნად დაიწყო მუშაობა, ხოლო მოგვიანებით პარსონსის დიზაინის სკოლაში ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო. 2017 წელს პრინცესა მარია-ოლიმპია D&G-ს ჩვენებაზეც ვიხილეთ.

შეიხა მოზა

მისი აღმატებულესობა შეიხა მოზა ყატარის ემირის შეიხ ჰამადა ბენ კალიფა-ალ-ტანის სამი ცოლიდან რიგით მეორეა. აღსანიშნია ფაქტი, რომ შეიხმა მეორე მეუღლეს არა მხოლოდ ჰიჯაბის მოხსნის ნება დართო, – ახლა შეიხა მოზა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მართვაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

შარლოტა კაზირაგი

მიუხედავად იმისა, რომ შარლოტა კაზირაგიმ უარი თქვა სამეფო წოდებაზე, ის მაინც რჩება მონაკოს სამეფო ოჯახის წევრად. მისი ჩაცმის სტილისა და მოდაში აქტიურობის გამო მას ხშირად მოიხსენიბენ, როგორც ქუჩის სტილის ვარსკვლავი და IT Girl.