ჯონათან ანდერსონს V&A მუზეუმში ახალი სამსახური აქვს

ჩრდილოეთ ირლანდიელი დიზაინერი ჯონათან ანდერსონი, რომელიც თავისი სახელობის ბრენდისა და ესპანური მოდის სახლის, ლუევეს შემოქმედებითი ხელმძღვანელია მომდევნო ოთხი წლისთვის ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმის საბჭოს ნდობით აღჭურვილ პირად დასახელდა. დიზაინერს მუზეუმის საბჭოს სხვა 17 წევრთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება ევალება. ჯონათანი ამ თანამდებობაზე  ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერესა მეიმ დანიშნა.

ანდერსონი არაერთ ინიციატივაში იყო ჩართული, რომელიც ხელოვნების მხარდასაჭერად ეწყობოდა. მან 2016 წელს Loewe Foundation Craft Prize დააარსა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოვება გახდა, ხოლო 2017 წელს The Hepworth Wakefield-ში გამოფენას ხელმძღვანელობდა, რომელიც სკულპტურას, მოდას და ხელოვნების სხვა დარგებს აერთიანებდა. გამოფენა სახელად ‘’დაუმორჩილებელი სხეულები’’ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში დიზაინერებისა და ხელოვანების ადამიანის სხეულის ფორმების განსხვავებულ ხედვას წარმოადგენდა.

ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ახლა დიორის უდიდეს გამოფენას მასპინძლობს, რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება. მუზეუმი ასევე დიზაინერი Mary Quant-ის რეტროსპექტივასაც გვთავაზობს, 21 სექტემბერს კი მოდის ფოტოგრაფის თიმ უოლკერის გამოფენა გაიხსნება.

Ph: Uniqlo

ქონდე ნასთი პირველ საერთაშორისო ხელმძღვანელს ასახელებს

გასულ წელს ჭორები ვრცელდებოდა, რომ ანა ვინტური, ვოგის მთავარი რედაქტორი და ქონდე ნასთის მხატვრული ხელმძღვანელი თავის თანანმდებობას ტოვებდა, თუმცა ცოტახანში ცნობილი გახდა, რომ თავისი პოზიცია ქონდე ნასთის ხელმძღვანელმა ბობ სორბერგმა დატოვა. ქონდე ნასთი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ისეთ ჟურნალებს ფლობს, როგორებიცაა: ვოგი, GQ, Vanity Fair, ნიუ-იორკერი და სხვა. კომპანიის ახალ და პირველ საერთაშორისო ხელმძღვანელად როჯერ ლინჩი დასახელდა, რომელიც თავის პოზიციას 22 აპრილს დაიკავებს. იგი 5 წელი თავის დაფუძნებულ  Sling TV-ის ხელმძღვანელობდა, გასული წლიდან კი მუსიკისა და რადიო მომსახურების კომპანიას, პანდორას ედგა სათავეში 2019 წლის თებერვლამდე.

როჯერ ლინჩი
Ph: GettyImages

ქეით ჰადსონი საკუთარ ბრენდს ქმნის

Happy x Nature სწორედ ასე ერქმევა ამერიკელი მსახიობის ბრენდს, რომელიც ქეით ჰადსონისა და დიზაინერის Michele Manz თანამშრომლობით შეიქმნა. სამოსის შეძენა ბრენდის საიტზე  Happyxnature.com-ზეა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, ბრენდი ძირითადად გარემოსთვის უსაფრთხო და ბოჰემური სტილის ზედებს, კაბებს, ქვედაბოლოებს და ჯინსებს შექმნის. ტანსაცმლის ფასები 50$-დან-200$-მდე მერყეობს.

Courtesy of Happy x Nature

‘’ჩვენი მიზანი ადამიანების და გარემოს გამხიარულებაა მარტივი, თავისუფალი სტილის მოდით, რომელსაც მინიმალური გავლენა ექნება ამოწურვად რესურსებზე. ბრენდის შეფუთვებისთვისა და იარლიყებისთვისაც ისეთ ქარხნებთან ვიმუშავეთ, რომლებიც გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს და ყველანაირად ვეცდებით, ყოველთვის ვიზრუნოთ გარემოს უსაფრთხოებაზე,”- აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში

ჰადსონისთვის ეს მოდაში პირველი ნაბიჯი არ არის, მან 2013 წელს სპორტული ტანსაცმლის ბრენდი Fabletics დააარსა, რომლის წლიურმა შემოსავალმა მალევე გადააჭარბა 300 მილიონს.

სელინმა მაღაზია მადრიდში გახსნა

LVMH-ის კუთვნილმა ბრენდმა მაღაზია ამჯერად ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში გახსნა 25 მარტს. მაღაზია Calle José Ortega y Gasset-ის 16 ნომერში მდებარეობს ისეთი ბრენდის მაღაზიების გვერდით, როგორებიცაა: შანელი, Dsquared2, Tiffany & Co.

მაღაზია 174 მ2- ს იკავებს და აქ მხოლოდ სელინის ქალის კოლექციები განთავსდება. მისი კონცეფცია მთლიანად მოდის სახლის კრეატიულ ხელმძღვანელს, ედი სილმანს ეკუთვნის, რომელმაც გეგმა თებერვლის შუა რიცხვებში წარადგინა. თებერვალში გაიხსნა სელინის მთავარი მაღაზია ნიუ-იორკში და სწორედ ამ უკანასკნელის მსგავსი ინვენტარით არის მოწყობილი მადრიდის მაღაზიაც – მინიმალისტური, მეტალის თაროებით, მარმარილოს ქვებითა და სარკეებით.

Ph: Celine

როგორც სელინის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, ბრენდის მაღაზიები გაიხსნება ლოს-ანჯელესში, ლონდონში, შანხაისა და პეკინში. სელინის მფლობელი კომპანიის  LVMH-ის მიზანია, რომ ბრენდის შემოსავალმა 2 მილიარდ ევროს მიაღწიოს შემდეგი 5 წლის განმავლობაში.

Uniqlo x Alexander Wang მეორე კოლაბორაციას აანონსებენ

Uniqlo-სა და ალექსანდრ ვენგს შორის პირველი თანამშრომლობა 2018 წლის ნოემბერში შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ბრენდები ახალ კოლაბორაციას აანონსებენ, რომელიც მამაკაცისა და ქალის კოლექციებს მოიცავს და გაყიდვაში 11 აპრილს ჩაეშვება.

კოლექცია ძირითადად კომფორტულ სტილზე იქნება კონცენტრირებული, რომლის დასამზადებლადაც იაპონური ჰაერგამტარი ქსოვილები იქნება გამოყენებული. კოლექციაში ამჯერადაც თეთრ, შავ, ღია ვარდისფერსა და ცისფერ ფერებს შევხვდებით.

‘’Uniqlo-სთან მეორედ მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ არამარტო ესთეტიკა, არამედ სამუშაო ეთიკაც ერთნაირი გვქონდა, ამიტომ ამჯერად საერთო მიზნის მიღწევა უფრო მარტივი იყო. სიახლე ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენს დიზაინსა და კრეატიულ პროცესში, ხოლო პრაქტიკულობა უდიდეს როლს თამაშობს თუ როგორ ვიცვამთ, მეც და ჩვენი კლიენტებიც,’’ – განაცხადა თანამშრომლობის შესახებ ალექსანდრ ვენგმა.

Photo: AFP