ნიუ ჯერსიში ყოველწლიური დაჯილდოება MTV VMA Awards გაიმართა. საღამო ბევრ ვარსკვლავს, მოდურ მომენტს და წარმოდგენას აერთიანებდა.
წითელ ხალიჩაზე დები ჰადიდები ერთად გამოჩნდნენ. CFDA – ს შემდეგ ჯიჯი დაჯილდოებაზე პირველად ვიხილეთ. ინსტა ერის წამყვანი ტოპ მოდელი კრემისფერ კორსეტში და ტომ ფორდის შარვალში პოზირებდა. ბელას ჩაცმულობაზე შარლოტა ნოულზმა იზრუნა.
მარკ ჯეიკობსი წითელ ხალიჩაზე თავის მეორე ნახევართან და მოდელებთან ერთად გამოჩნდა. გოგონებს მარკის კაბები ეცვათ. კაბები წარსულში მუსიკის პოპ და რეპ დივებს აქვთ მორგებული. გუშინ ჯეიკობსი პირველი დიზაინერი გახდა, რომელმაც MTV VMA Awards-ზე პოპ კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ჯილდო მიიღო.
ყველასთვის მოულოდნელად წითელ ხალიჩაზე ვიქტორია სეკრეტის ლეგენდარული ანგელოზი ადრიანა ლიმაც გამოჩნდა. ბრაზილიელ სუპერმოდელს სტილისტ ერინ უოლშის რჩევით სალი ლეპოინტეს ლუქი ეცვა.
საღამო ტეილორ სვიფტის პერფორმანსით გაიხსნა. ამერიკელმა მომღერალმა 2 ჰიტი შეასრულა: You Need To Calm Down და Lover. ტეილორმა წლის ვიდეოს კატეგორიაში გაიმარჯვა და გახდა მეოთხე არტისტი, რომელსაც გასულ ათწლეულში ეს ჯილდო ორჯერ აქვს მოგებული. სვიფტი ვერსაჩეს ლუქით წარსდგა.
ჯილდო საუკეთესო კოლაბორაციისთვის კამილა კაბეიომ და შონ მენდეზმა მიიღეს. მათი საერთო ნამუშევარი Señorita ბილბორდის ცხელ ასეულში კვირის ლიდერია. კამილას წითელ ხალიჩაზე ბალმანის კაბა ეცვა.
ახალი სიმღერის პირველი ლაივ წარმოდგენა ჰქონდა Fifth Harmony -ს კიდევ ერთ ყოფილ წევრს. ნორმანის Motivation – მა დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა მომღერალი წითელ ხალიჩაზე ნიკოლა ჯებრანის კოსტუმით გამოჩნდა.
მნიშვნელოვანი საღამო იყო ქალი რეპერებისთვისაც. მისი ელიოტმა დაჯილდოების ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, მაიკლ ჯექსონის სახელობის “Vanguard Award” მიიღო. მისი ელიოტს სცენაზე ჯილდო ქარდი ბიმ წარუდგინა, რომელიც გუშინ წლის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეოს კატეგორიაში დასახელდა გამარჯვებულად.
შემსრულებლებს შორის იყო მაილი საირუსიც. ტრადიციად იქცა, რომ მაილი ყველა მნიშვნელოვან საღამოზე ენტონი ვაკარელოს სან ლორანის კაბით ჩნდება. გამონაკლისი არ ყოფილა გუშინდელი დაჯილდოება, რომელზეც საირუსს სან ლორანის მოკლე შავი კაბა ეცვა.
დაჯიდლეობაზე ისტორია შექმნეს ქეი პოპ არტისტებმაც. MTV VMA – ს საკამათო, თუმცა ძალიან აქტუალურ ახალ კატეგორიაში, საუკეთესო ქეი-პოპ ჯგუფი გამარჯვებული BTS გახდა.