დღეს ცნობილი გახდა, რომ სამი წლის შემდეგ ტომ ფორდი ამერიკული მოდის დიზაინერების საბჭოს (CFDA) თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც ტომი თავის განცხადებაში აღნიშნავს, პოსტს ოფიციალურად მიმდინარე წლის 31 მაისს დატოვებს.

“როდესაც 2019 წლის ივნისში თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შევუდექი, ჩემი მიზანი იყო ამერიკული მოდის ინდუსტრიის მნიშვნელობა გლობალურად ეღიარებინათ,” – ვკითხულობთ განცხადებაში. “ვერც კი წარმოვიდგენდი იმ უჩვეულო გარემოებებს, რომლებშიც როგორც ეს ინდუსტრია, ისე მთელი მსოფლიო აღმოჩნდებოდა – რომ პანდემია დაიწყებოდა, რის გამოც ჩვენი ცხოვრებისა და ბიზნესების კურსი სამუდამოდ შეიცვლებოდა.”

Tom Ford © CFDA

2019 წელს ტომ ფორდმა ამ პოზიციაზე დაიან ვონ ფურშტენბერგი ჩაანაცვლა, რომელიც საბჭოს 13 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა. CFDA-ს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობებს გენერალური დირექტორი სტივენ კოლბი შეასრულებს. ამასთანავე, ფორდი კვლავ რჩება საბჭოს შემადგელობაში და მონაწილეობას მიიღებს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესში.

“როგორც CFDA-ს თავმჯდომარეს, მქონდა პრივილეგია უშუალოდ გამომეცადა გასაოცარი გამბედაობა და ოპტიმიზმი, რომელიც ჩვენს ინდუსტრიას ამოძრავებს. ჩემთვის პატივია, რომ სამი წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მხარი დამეჭირა ამერიკული მოდის ინდუსტრიის მართლაც ბრწყინვალე ტალანტებისთვის და მოუთმენლად ველი CFDA-ს საბჭოში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას,” – ამბობს ტომი.