ნიუ-იორკის მოდის კვირეული ტომ ფორდის ჩვენებით ემოციურ ნოტაზე დაიხურა. მელანქოლიური განწყობა შოუს დასკვნითმა ნაწილმა, საუნდტრეკის გავლენით გამოიწვია. როდესაც დრამატულად განათებულ პოდიუმზე, სარკის ფონზე მოდელი ლია კებედე გრძელ შავ ჯერსის კაბასა და მაღალყელიან იასამნისფერ ჩექმაში გამოწყობილი გამოჩნდა, ფრედი მერკურის შესრულებული „დრო არავის უცდის“ გაისმა. მიუხედავად შემდგომში წარმოდგენილი ბზინვარე კოსტიუმებისა და ფერადი საღამოს კაბებისა, სადღესასწაულო განწყობა, რომელიც ჩვენების დასაწყისში იგრძნობოდა, სადღაც გაქრა.

მიმდინარე წლის ივლისის თვეში, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტომ ფორდი სავარაუდოდ საკუთარი კომპანიის გაყიდვას გეგმავდა. მანამდე, დაახლოებით ორი თვით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი დიზაინერი სამი წლის შემდეგ CFDA-ს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებდა. ჩვენების შემდეგ ის პრესის წარმომადგენლებს არ გასაუბრებია, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებდა.




ერთი წლის წინ ფორდმა თავისი ცხოვრების ხანგრძლივი პარტნიორი დაკარგა. ამერიკელი ჟურნალისტი რიჩარდ ბაქლი, რომელსაც ფორდთან 35 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დროის განმავლობაში, 61 წლის დიზაინერთან დაკავშირებით გავრცელებული სიახლეები იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. გარდა იმისა, რომ ის ახლა ჯეკ ფორდ-ბაქლის მარტოხელა მამაა, რაც მისთვის გამოწვევაა, მოდის ინდუსტრიაში თავისი საქმიანობის ტემპის შენელება შესაძლოა იმაზეც მიანიშნებდეს, რომ სურს თავის მეორე გატაცებას – რეჟისორობას კვლავ დაუბრუნდეს და მესამე ფილმი შემოგვთავაზოს. ემზადება თუ არა ტომი ახალი ცხოვრებისთვის ამის თქმა დაზუსტებით შეუძლებელია, მაგრამ კოლექცია, რომელიც გუშინ წარადგინა, მისი ძველი ცხოვრებისკენაც გვახედებს.








„სექსი იყიდება“ მოსაზრების მართებულობა არცერთი სხვა დიზაინერის შემოქმედებაში არ ვლინდება ისე მკაფიოდ, როგორც ფორდისაში, რაც ოთხმოცდაათიან წლებში, გუჩის პერიოდიდან იწყება. მისი შოუები და კამპანიები პროვოკაციული და სექსუალური ხასიათის იყო, რაც მღელვარებას იწვევდა და ხალხს ჟურნალების გვერდების გადაფურცვლას აწყვეტინებდა. ტომ ფორდის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე, რომელზეც 70-იანი და 80-იანი წლების სადღესასწაულო გლამური თანამედროვეობას მოერგო, მოდელებს შეხსნილი პიჯაკები ბიუსჰალტერებთან და მინი შორტებთან აცვიათ, სწორი ვიწრო ქვედაბოლოები შუაში ღრმად არის ჩახსნილი, ატლასის პერანგებიდან გულ-მკერდი მოუჩანთ, მათ საცვლებს მაქმანები აფორმებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიზაინერი ვულგარულობის ზღვარზეა. გარდა ამისა, კოლექციაში შერწყმულია განსხვავებული სტილისტური ელემენტები, ვხვდებით კლასიკისა და სპორტის მიქსს, ლამეს მეტალისებრი ქსოვილების თუ თვალისმომჭრელად ნაქარგი სამოსის მონაცვლეობას, ფერთა კომბინაცია კი ქაოტურია – დაწყებული შავი, ვერცხილსფერი და პასტელური ფერებით, დამთავრებული ბარბი ვარდისფერით. შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალიზმმა ექსცესის სახით იჩინა თავი.




© Vogue Runway
ტომ ფორდი სახელგანთქმული პერფექციონისტია, რომლის გამომწვევი გემოვნება ზოგჯერ წინააღმდეგობრივს და ცუდსაც მოიცავს, რაც საბოლოოდ მაინც მიმზიდველად აღიქმება. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვულგარულობის ზღვარს ხშირად უახლოვდება, მას არასოდეს გადადის.
ჩვენების ჩანაწერი