27 აგვისტოს ტომ ფორდს 60 წელი შეუსრულდა. ამერიკელი დიზაინერი, რეჟისორი და ანტერპრენერი იუბილეს წიგნის გამოშვებით აღნიშნავს. ‘Tom Ford 002’ – სწორედ ასე ერქმევა ფორდის რიგით მეორე წიგნს, რომელიც გაყიდვაში 10 ნოემბერს გამოჩნდება.
ახალ ნამუშევარში ტომი გასულ 15 წელზე წერს, თუ როგორი იყო მისი ცხოვრება და კარიერა გუჩიდან წამოსვლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ფორდის ბრწყინვალე კარიერის ადრეულ წლებზე, რომელიც მოიცავს გუჩის და ივ სენ ლორანის მმართველობის ეპოქებსაც, გამოსულია წიგნი – Tom Ford 001. რაც შეეხება ახალ წიგნს, ვკითხულობთ, რომ Tom Ford 002 ორიენტირდება ფორდზე, როგორც რეჟისორზე, ბიზნესმენზე, მამაზე და ქმარზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტომ ფორდის Gucci -ის ერა ლეგენდად შეიქმნა, გასულ 15 წელში, ამერიკელი დიზაინერის კარიერა არანაკლებ საინტერესოდ განვითარდა. ფორდმა შექმნა საკუთარი ბრენდი, რომლის ღირებულება ახლა რამდენიმე მილიარდ დოლარს აჭარბებს და გადაიღო 2 ძალიან წარმატებული ფილმი.
გარდა ამისა, 2012 წელს, ფორდი გახდა პირველი შვილის მამა. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ‘Tom Ford 002’ მკითხველს საინტერესო და აქამდე უცნობ დეტალებს გაუმხელს ტომის, როგორც პირადი ცხოვრებიდან, აგრეთვე კარიერიდან.
წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება ტომ ფორდის ოფიციალურ საიტზე – Tomford.com. ღირებულება კი, 135 დოლარს შეადგენს.