ტომ ფორდის გუჩისთვის მორგებული იმიჯით, იტალიური მოდის სახლი ხელახლა იქცა ინდუსტრიის მოძრავებელ ძალად. ტომის დამსახურებით, რეპუტაცია დაკარგული და გაკოტრებული ბრენდიდან ძლიერი და გავლენიანი კომპანია აღდგა. ჯერ კიდევ 2004 წელს, ამ მოცემულობას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებდა, თუმცა როდესაც ფორდმა Gucci Group ხმაურიანად დატოვა, ამერიკელი დიზაინერის მომავალი ბუნდოვანი გახდა. ერთია გააცოცხლო მივიწყებული მოდის სახლი და მეორეა ნულიდან შექმნა ის, ამბობდნენ ინდუსტრიაში. ამიტომ დიზაინერისთვის, რომელსაც უკვე ყველაფერი ჰქონდა: აღიარება, ფული და ცნობადობა, მომდევნო გამოწვევა, ლოგიკურად, საკუთარი ბრენდის შექმნა იყო.
გუჩის დატოვებიდან რამდენიმე თვეში, ფორდმა ბიზნეს პარტნიორთან, დომენიკო დე სოლისთან ერთად, საკუთარი სახელით პირველი პროდუქტი – სუნამო წარადგინა. შემდეგ იყო სათვალე, აქსესუარები, მამაკაცის ხაზი და ბოლოს, რა თქმა უნდა, ქალის სამოსიც.
2010 წელს TOM FORD-ის ბრენდირებით დამოუკიდებელი მოდის სახლი ჩამოყალიბდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოდის განვითარებაზე TOM FORD-ის ერას არ ჰქონია იმხელა გავლენა, როგორიც გუჩის წლებს, ტომის კოლექციები მის გულშემატკივრებს ესთეტიკურ სიამოვნებას ყოველჯერზე ანიჭებდა. ამერიკელმა დიზაინერმა შექმნა ბრენდი, რომელიც ასოცირდება გლამურთან, ფუფუნებასთან, ძვირფას ნივთებთან, “ლაქშერი” ცხოვრების სტილთან და რა თქმა უნდა საუკეთესო ხარისხთან.
პოპ-ვარსკვლავები თუ კინო სამყაროს აიქონები, პოლიტიკოსები თუ სამეფო ოჯახის წევრები, TOM FORD-ის სახელი ყველასთვის ერთნაირად სასურველი გახდა. სულ რაღაც 15 წელში, ფორდმა საკუთარი სახელი საერთაშორისო ბრენდად აქცია და 2.8 მილიარდ დოლარად გაყიდა.
ეს მოდის ინდუსტრიაში წლის ყველაზე მსხვილი გარიგებაა, ყველაზე ძვირადღირებული – ფორდის ბიზნესის ახალი მფლობელის, „ესტე ლაუდერის“ ისტორიაშიც. და თუ ბოლო წლებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ისეთი მდიდარი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე სახლიც კი, როგორიც ვერსაჩეა, 2018 წელს უფრო ნაკლებად – 2.1 მილიარდ დოლარად გაიყიდა.
ახლა ფორდი ოფიციალურად მილიარდერია. მისი სტატუსი კი, მოდის ისტორიაში, ისეთი მყარია, როგორც არასდროს. ამიტომ ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა იქნება შემდეგი თავი 61 წლის ტომ ფორდისთვის? ახალი განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ტომი თავის დაარსებულ კომპანიაში, რომელსაც ახლა „ესტე ლაუდერი“ ფლობს, შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას 2023 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს. ეყოლება თუ არა ბრენდ TOM FORD-ს ახალი დიზაინერი 2024 წლიდან, ამის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.
„საკუთარ თავს ყოველთვის როგორც კომერციულ დიზაინერს, ისე ვხედავდი; ეს საქმიანობა არტისტულ სულიკვეთებას მოითხოვს, მაგრამ კომერციულია. ვიცოდი, რომ ჩემი იდეები უნდა გაყიდულიყო, შესაბამისად მაცდური უნდა ყოფილიყო. ფილმი პირველი წმინდად გამომხატველი რამ არის, მათ შორის რაც კი ოდესმე შემიქმნია და შესაძლოა მისით ყველაზე მეტადაც ვამაყობ. არავის შეცდენას არ ვცდილობდი, მინდოდა გულწრფელი ვყოფილიყავი.“
– ტომ ფორდი, Vogue Paris-ის ინტერვიუში, რომელიც გამოცემამ ექსკლუზიურად 2019 წელს გამოაქვეყნა.
საკუთარი ბრენდის შენების პარალელურად, 2009 – 2016 წლებში, დიზაინერმა ორი ძალიან წარმატებული ფილმი Single Man და Nocturnal Animals გადაიღო. თავისი სადებიუტო ნამუშევრებით, ფორდი არაერთი პრემიის გამარჯვებული და ნომინანტი გახდა. Nocturnal Animals-ში შესრულებული როლისთვის მსახიობი აარონ ტეილორ ჯონსონი ოქროს გლობუსის პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებულადაც დაასახელეს. ამერიკელი დიზაინერი ყოველთვის ღიად გამოხატავდა თავის აღფრთოვანებას კინო სამყაროს მიმართ, მას არასდროს დაუმალავს მესამე ნამუშევრის გადაღების სურვილიც. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტომის ცხოვრებისა და კარიერის მესამე ეტაპი, Gucci -ის და TOM FORD-ის შემდეგ, მთლიანად კინოს დაუკავშირდება.