არავინ არაფერს ელოდა, სანამ ჩაბნელებულ სივრცეში, ერთადერთი პროჟექტორის შუქის ქვეშ მწვანე მოჰერის ქურთუკში, იმავე ფერის აბრეშუმის პერანგში, ლურჯ ხავერდის შარვალსა და ლოუფერებში გამოწყობილი ამბერ ვალეტა გუჩის პოდიუმზე გამოჩნდებოდა. ჩვენებაზე შეკრებილი საზოგადოება ახალი ვარსკვლავის დაბადების, მისი ინოვაციური, პროვოკაციული და გამორჩეული ხედვის პირველი გამოვლინების მოწმე გახდა.

Gucci Fall/ Winter 1995

ტომ ფორდის გუჩისთვის მორგებული იმიჯით შეპყრობილებს ნანახი აღარ ყოფნიდათ და უფრო მეტი სურდათ, როდესაც ჯორჯინა გრენვილმა პოდიუმზე დაგებულ ვარდისფერ ბეწვის ხალიჩაზე, სარკის ფონზე მკვეთრი ჭრებით შექმნილი სენსუალური თეთრი კაბა წარმოადგინა. ამ ლუქით არა მარტო დიზაინერის ცხოვრებაში, არამედ მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ და ბრწყინვალე მომენტს წერტილი დაესვა.

Gucci Fall/Winter 2004

ერთი დეკადის განმავლობაში რელევანტურობა დაკარგულ, მივიწყებულ ბრენდს ფენომენალური წარმატება ხვდა წილად. 1995 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ გუჩის გაყიდვებმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა. საუბარი ოთხმოცდაათ პროცენტიან ზრდაზეა. ტომის და დომენიკო დე სოლის დამსახურებით ფერფლიდან ძლიერი და გავლენიანი კომპანია აღდგა, თუმცა გუჩი გრუპის სხვა მეწილეებთან უთანხმოების გამო 2004 წელს მათ კომპანიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ტომ ფორდის უკიდურესად სექსუალურ ესთეტიკაზე დაფუძნებული გუჩის მომავალი ბუნდოვანი გახდა.

ტომ ფორდმა გუჩის მარკით სრულყო ქალის სახე, რომელიც ერთდროულად რისკიანი და მგრძნობიარეა. რომელსაც საკუთარი თავის რწმენა აქვს. ის გლამურული და ფუფუნების მოყვარულია, თუმცა ეს ორი ტერმინი მისთვის არ ასოცირდება ყველაფერთან რაც ბრწყინავს, არამედ პერფექციონისტის ძალისხმევით გამოხატულ გამომწვევ, წინააღმდეგობრივ და შოკისმომგვრელად კარგ გემოვნებასთან, რომელიც ზოგჯერ ცუდსაც მოიცავს.

Gucci Fall/Winter 2004 Campaign

2004 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ნაჩვენები ფორდის ბოლო კოლექცია გუჩისთვის იყო ყველაფერი და უფრო მეტი რის წარმოჩენასაც გასული წლების განმავლობაში დიზაინერი ცდილობდა. შოუ დიზაინერის და ბრენდის სამაგალითო ქორწინების სევდის მომგვრელად მშვენიერი და დრამატული დასასრული იყო.

თავისი შემოქმედებიდან უკვე კარგად ნაცნობი დეტალების, მათ შორის: ხავერდის პიჯაკების, ბეწვით გაფორმებული ქურთუკების და კორსეტიანი ატლასის კაბების გარდა ტომმა საღამოსთვის განკუთვნილი სამოსის მიმართულებით ახალი განაცხადი გააკეთა. ბეწვში გახვეული სექუინებით გაფორმებული მწვანე კაბით ტომმა თქვა, რომ მართალია ის წასვლას აპირებდა, მაგრამ თავის ყველა გულშემატკივარს დაუტოვებდა რაღაცას, რაც მათ ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებდა, მათ გემოვნებას გამოიწვევდა და რაზე ფიქრსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეწყვეტდნენ.

Gucci Fall/Winter 2004

ყველაზე ამაღელვებელი მომენტი შოუს დასკვნითი ნაწილი იყო, როდესაც მოდელებმა სამოცდაათიანი წლების ჰიტის Love Unlimited-ის “Under The Influence Of Love-ს“ ფონზე 1996 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ნაჩვენები ასევე ჰიტად ქცეული თეთრი კაბების ახლებური ვერსიები წარმოადგინეს.

Gucci Fall/Winter 2004

სიყვარულის გავლენის ქვეშ მოქცეულ დიზაინერს ყველა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს, როდესაც თავისი ცხოვრების ხანგრძლივ პარტნიორს რიჩარდ ბაქლის გადაეხვია და უკანასკნელად გამოჩნდა გუჩის პოდიუმზე.

Tom Ford & Richard Buckley