16 ნოემბერს, Youtube-ზე, ახალი ვიდეო გამოაქვეყნდა: „სადილი დამელიოებთან“. დამელიოები ინტერნეტის, უფრო კონკრეტულად კი, ტიკ-ტოკის ვარსკვლავები არიან, რომლებმაც პოპულარობა გასულ წელიწადნახევარში მოიპოვეს. ამჟამად ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ჩარლი დამელიო აპლიკაციაზე ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ადამიანია.
ჩარლი ტიკტოკზე პირველად 2019 წლის ივნისში გამოჩნდა. მისი ცეკვის ვიდეო მალევე გავირუსდა და რამდენიმე დღეში, ის ერთი ჩვეულებრივი მოზარდიდან ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა. მალევე, ჩარლი მომღერალმა Bebe Rexha-მ ბრუკლინში, Jonas Brothers-ის ტურნეს ფარგლებში გამართულ საკონცერტო შოუზე მიიწვია. ჩარლი Bebe Rexha-სთან ერთად გამოჩნდა სცენაზე თავისი საცეკვაო ნომრით. ამის შემდეგ, Charli D’Amelio-მ მშობლიური კონექტიკუტი დატოვა და ლოს ანჯელესში გადავიდა. ის გამოჩნდა პარიზის მოდის კვირეულის მიწვეულ სტუმრებს შორისაც. კვირეულის მსვლელობის დროს ის მუდამ პრესის ყურადღების ცენტრში იყო. სულ ახალხანს კი, კიარა ფერანისთან, ბიონსესთან და ჰარი სტაილსთან ერთად, 2020 წელს მოდის ყველაზე დიდ ინფლუენსერებს შორისაც დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ჩარლი ტიკ-ტოკზე მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია, 4 მილიონი დოლარით, ხოლო მას მოსდევს საკუთარი და, დიქსი დამელიო. ტიკ-ტოკზე დიქსის გამომწერების რაოდენობა 40 მილიონს აჭარბებს. მას შემდეგ, რაც დები არსაიდან თაობა ზეტის ყველაზე საყვარელი აპლიკაციის ვარსკვლავები გახდნენ, ცნობილმა კომპანიებმა მათთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს. შედეგად, ჩარლი და დიქსი გახდნენ კოსმეტიკური კამპანიების სახეები, გამოუშვეს საკუთარი ხაზები და რა თქმა უნდა, შეუერთდნენ იუთუბსაც.
სწორედ იუთუბის ახალი ვიდეო გახდა კამათის და სკანდალის საგანი, რომელსაც გასული 2 დღეა ტიკ-ტოკზე ყველაზე ხშირად განიხილავენ. ვიდეოში დიქსი და ჩარლი მშობლებთან ერთად ცნობილ იუთუბერს, მაკიაჟის არტისტს და ინფლუენსერს, ჯეიმს ჩარლზს მასპინძლობენ.
აქვე უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც გოგონებმა ტიკ-ტოკზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს, მათ საქმიანობაში დამელიოების მთელი ოჯახი ჩაერთო.
იუთუბ მაყურებლის გაღიზიანებმა გოგონების ქცევამ გამოიწვია. რამდენიმე მონაკვეთში, ვხედავთ, თუ როგორ უხეშად და უდიერად ექცევა დიქსი ოჯახის შეფს, მეტიც, ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ის სინჯავს კერძს, იცინის, შემდეგ აფურთხებს. გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია ფაქტმა, რომ ეს არ არის ლაივ-ვიდეო და დამელიოებს მონტაჟი შეეძლოთ. გარდა ამისა, 16 წუთიან ვიდეოში, აგრეთვე ჩანს, რომ ჩარლი წუხს, რადგან 100 მილიონ გამომწერს უფრო მალე ვერ მიაღწევს.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, დამელიოები კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ. ჩარლიმ ტიკ-ტოკზე უკვე მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა. იუთუბზე ვიდეოს 96,000 “Dislike” აქვს. დებმა ბოდიში მოიხადეს, თუმცა ცხადია, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება შეცდომა იყო,რომელსაც ინტერნეტის მომხმარებელი დებს ყოველთვის შეახსენებს.
