სამი თვის წინ კაია გერბერი საზოგადოების წინაშე Alaïa-ში შემოსილი გამოჩნდა. ლოს ანჯელესში გამართულ Academy Museum Gala-ზე 21 წლის მოდელს ქლიავის ფერი დრაპირებული ქვედაბოლო და შავი ჯერსის გამჭირვალე ზედა ეცვა. ყოველგვარი აქსესუარის გარეშე მორგებული მინიმალისტური ლუქი გერბერის ფორმებს კვეთდა და დედამისთან, სუპერმოდელ სინდი კროუფორდთან მის მსგავსებას ცხადყოფდა. 1980-იან და 1990-იან წლებში სინდი Alaïa-ს მოდელი იყო და ხშირად ჩნდებოდა ჩვენებებზე აზადინის უზადო ქმნილებებში გამოწყობილი.

მოდის სახლის ამჟამინდელ კრეატიულ დირექტორ პიტერ მიულეს კაიასთან პირველად შეხება ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც 2017 წელს ის მოდელობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა და Calvin Klein-ის ჩვენებაზე გამოსვლით, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მისი დებიუტი შედგა. ამ პერიოდში პიტერი რაფ სიმონსთან მუშაობდა, რომელიც ამერიკულ ბრენდს შემოქმედებითად ხელმძღვანელობდა.

Vogue-თან ახალ ინტერვიუში, ბელგიელმა დიზაინერმა გაიხსენა თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე კაიას ზრდამ, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ მას ისევ შეხვდა და აღნიშნა: “ახლა “ნეპო ბავშვებთან” დაკავშირებით დიდი ამბავი არის ატეხილი, მაგრამ კაია რაღაცას წარმოადგენს.”

Alaïa-ს 2023 წლის გაზაფხულის კამპანია

გამოცემასთან საუბრისას პიტერმა მოდის სახლისთვის ოჯახის იდეის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. “ვფიქრობ, რომ, რადგან დედამისს ალაიასთან ასეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა, კაიამ ჩათვალა, რომ ასეთი კავშირის კვლავ დამყარება მართლაც მშვენიერი იქნებოდა,” – განაცხადა მან.

კამპანიაში მოდელს ის სამოსი აცვია, რომლითაც პირველად ოქტომბერში გამოჩნდა. ფოტოები ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ტაირონ ლებონმა ლოს ანჯელესში მდებარე სტერლინგ რუბის სტუდიის სახურავზე გადაიღო.

“დიდი სეტი არ მინდოდა. როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეობით მოდური გადაღებების სეტები ძალიან მასშტაბურია. ადგილზე 50 ადამიანი იმყოფება. ამ გადაღებაზე კი მხოლოდ თმისა და მაკიაჟის სპეციალისტები, ტაირონი, მისი ასისტენტი, სტილისტი, კაია და მისი შეყვარებული [ოსტინ ბატლერი] იყვნენ, სხვა არავინ. ამიტომ 90-იანი წლების გადაღებას უფრო ჰგავდა. გახსოვთ როგორ გაამგზავრა კელვინმა ქეითი [მოსი] და მარიო [სორენტი]? მსგავსი განწყობდა სუფევდა – არაფერი ყოფილა ორკესტრირებული,” – ამბობს პიტერი, რომელიც გადაღებას თავადაც არ დასწრებია.

ერთ კადრზე კაია სტერლინგის სტუდიაში არის აღბეჭდილი. მას ერთ-ერთ იმ თეთრ ხალათში ვხდედავთ, რომელსაც პიტერ მიულე და Alaïa-ს დიზაინ გუნდის დანარჩენი წევრები სტუდიაში მუშაობისას იცვამენ.