თუ უახლოესი წარსულიდან ნიუ-იორკის ყველაზე იმედის მომცემ და პერსპექტიულ ბრენდებს განვიხილავდით, მათ შორის აუცილებლად იქნებოდა სის მარჟანი. მაგრამ ახლა ის ასევე გახდა მაგალითი იმისა, თუ რა უარყოფითი ეფექტი შეიძლება მოახდინოს პანდემიამ ახალგაზრდა ბრენდზე. არსებული ვითარების გამო სის მარჟანში შექმნილი მძიმე ფინანსური გარემოებების მიზეზით ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი თავის ისტორიას ასრულებს.
სის მარჟანი 2015 წელს დაარსდა. სანდერ ლაკის ბრენდისთვის შექმნილ ფერად სამოსს მალევე გამოუჩნდნენ თაყვანისმცემლები, კოლექციებს დადებითად აფასებდნენ მოდის კრიტიკოსებიც. კომპანიას ფინანსურად მხარს უჭერდნენ მილიარდერები ჰოუარდ და ნენსი მარკსები. 2018 წელს დრის ვან ნოტენის ყოფილ თანამშრომელ ლაკს სის მარჟანისთვის შექმნილი კოლექციებისთვის CFDA-ის დამწყები ტალანტის ჯილდოც აქვს მოგებული. ყველაფრის მიუხედავად, ბრენდი თამაშს გამოეთიშა.
სანდერ ლაკის მეშვიდე კოლექცია სის მარჟანისთვის – შემოდგომა/ზამთარი 2019: „ეს შოუ არის სიყვარულზე და შეყვარებაზე.“ – სანდერ ლაკი

ამ კოლექციის შექმნისას სანდერი ფიქრობდა, რა ძალა აქვს სიყვარულს, რა რეაქციას იწვევს და როგორ გაკეთებინებს იმას, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ გააკეთებდი. ეცადა თავისი განცდები თავის შემოქმედებაში გამოეხატა. პროცესში საკუთარი თავიც გამოიწვია, როცა მაქმანებიანი ტიულის მისთვის უჩვეულო დიდი ოდენობით მოხმარებით შეეცადა შეეყვარებინა ის, რაც სძულდა და ნეონის გამოყენებით ენახა შეძლებდა თუ არა თავიდან შეყვარებას. იშვიათია დიზაინერი, რომელიც ისე კომფორტულად გრძნობს თავს ფერებთან და ისე არაკომფორტულად, როცა საქმე შავს ეხება, როგორც სანდერი, ამიტომ ისევ ფერების სიუხვით გამოირჩეოდა ლუქები, რომლებიც მოდელებმა სვაროვსკის მილიონობით კრისტალით მორთულ პოდიუმზე გამოიტანეს.
„მიყვარს კლიშეები და არ არსებობს იმაზე უფრო დიდი კლიშე, რომ ბრწყინვალებას ბედნიერება მოაქვს.“ – განაცხადა დიზაინერმა.
სის მარჟანის ბოლო კოლექცია
„რაზეც ვმუშაობდით ახდენილი ოცნება იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი დრო და ნიჭი მოახმარა სის მარჟანს. ჩვენ შევქმენით ბრენდი,რომლის მემკვიდრეობაც არამარტო ტანსაცმელსა და კოლექციებში ვლინდება, არამედ თითოეულ ადამიანში, რომელიც მას ემსახურებოდა.“
სანდერ ლაკი
სის მარჟანის დახურვა ასევე შეიძლება იყოს პირველი ხმამაღალი სიგნალი იმისა, რომ კორონა ვირუსის პანდემიას სხვა ახალგაზრდა ბრენდებიც შეეწირებიან. რაც შეეხება სანდერ ლაკს, მას ამ ინდუსტრიაში უკვე იმდენად აქვს თავისი პოზიცია გამყარებული, რომ მისგან დიდ სიახლეებს უნდა ველოდეთ.