1993 წელი სტივენ მეიზელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელი იყო. 12 თვის განმავლობაში მან Vogue-ის 28 გარეკანი და ასზე მეტი ედითორიალი გადაიღო, მათ შორის ბრიტანული ვოგის სახელგანთქმული -“Anglo-Saxon Attitude,” რომლის გადაღებაც ლონდონში მისი პირველი პროფესიული დავალება იყო.
“ჩემს შემოქმედებას შეიძლება მხოლოდ მაშინ გადავხედო, როცა იძულებული ვხდები ასე მოვიქცე. გაოგნებული ვიყავი, როდესაც ჩემმა აგენტმა მაჩვენა თუ რამდენი რამე გავაკეთე ამ წელს,” – ამბობს სტივენი British Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. “მახსოვს, რომ მეუბნებოდა: ‘კარგი, ეს სამუშაო შეასრულე, ის სამუშაო შეასრულე,’ მე კი უბრალოდ მივდიოდი საქმის გასაკეთებლად.”
Inditex-ის თავმჯდომარის, მარტა ორტეგა პერეზის, პირადი მხარდაჭერით, გამოფენა, სახელწოდებით “1993 წელი ფოტოსურათებზე,” ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიაში მოეწყობა. მასზე წარმოდგენილი იქნება 1993 წელს მეიზელის გადაღებული 100 მეტი კადრი, რომლებიც ისეთ საკულტო ფიგურებს გამოსახავს, როგორებიც არიან: ტვიგი, ლინდა ევანჯელისტა, იზაბელა ბლოუ, სტელა ტენანტი, ბარბრა სტრეიზანდი, ნაომი ქემბელი და ა.შ.
“მეიზელი უდიდესი ნიჭის პატრონია, რომლის ამოუწურავმა კრეატიულობამაც ის თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ, დამაინტრიგებელ ფოტოგრაფად აქცია,” – აღნიშნა გასულ ზაფხულს ორტეგა პერეზმა, როცა გამოფენის შესახებ დაანონსდა. “მისი წინამორბედი დიდი ფოტოგრაფების მსგავსად, სტივენის ფოტოები ნამდვილი პიროვნულობის გამოხატვისთვის სუბიექტის ზედაპირს სცდება, კონტექსტს აღემატება. ორი აზრი არ არსებობს, ისინი იმ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო მოდის ფოტოსურათებს შორისაა, რომლებიც ოდესმე გადაღებულა.”
გამოფენის მონახულება 19 ნოემბრიდან 2023 წლის 1 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.