სტეფანო პილატის კარიერა მოდის ინდუსტრიაში რამდენიმე ათწლეულს ითვლის. იმ არაერთ ბრენდს შორის, რომლისთვისაც იტალიელი დიზაინერი მუშაობდა ვხვდებით ჯორჯო არმანის, პრადას, მიუ მიუს, თუმცა 2000 წელს ივ სენ ლორანში ტომ ფორდის შემოქმედებითი ხელმძღვანელობის დროს მისვლა პილატის კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.

სწორედ სტეფანო აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც 2004 წელს ფორდი ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩაანაცვლა და მომდევნო რვა წლის განმავლობაში სენ ლორანის სახელის ქვეშ სთავაზობდა გლობალურ აუდიტორიას თავის შემოქმედებას.

YSL-ის დატოვების შემდეგ პილატი ზენიას გუნდს შეუერთდა, რომლისთვისაც 2016 წლამდე ოტ კუტიურ კოლექციებზე იყო პასუხისმგებელი. მალევე მან საკუთარი ბრენდი დააარსა – Random Identities, რომლისთვისაც კოლექციებს ბერლინიდან ქმნის. როგორც თავად ამბობს, არ შეუძლია ამ სფეროს ჩამოშორდეს, რადგან ის იმდენად უყვარს, რომ სხვა ვერაფრის გაკეთებას შეძლებს.

“სხვა არაფრის გაკეთება შემიძლია. ის ჩემშია. მოდით სულ მუდამ ვსუნთქავდი და ვცხოვრობდი.”

სტეფანო პილატი, The Talks
სტეფანო პილატი YSL-ს 2008 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენების ბოლოს
© livingly

2008 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ივ სენ ლორანისთვის შექმნილი პილატის კოლექცია, მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მომენტია.

“მიყვარს, რასაც სტეფანო აკეთებს. ყველაფერი, რაც მაქვს, მისია.”

ბეტი კატრუ, style.com

როგორც დიზაინერმა თიმ ბლენქსთან საუბრისას აღნიშნა, ჩვენებაზე “თეილორინგი” ხელახლა განსაზღვრა. წინა სეზონისგან განსხვავებით, ახალი ეტაპი უფრო მეტად იყო სპორტული ელემენტებით გაჯერებული. მან მარტივად მოსარგები და, ამავდროულად, მოხდენილი კოლექცია შექმნა, რომელიც პოდიუმზე გამორჩეული იმიჯის მქონე მოდელებმა წარმოადგინეს.

მათ ერთნაირი პარიკები ეკეთათ და მუქი ბზინვარე ტუჩსაცხი ესვათ. ისინი იდუმალების განცდას ბადებდნენ და დამახასიათებელი მისტიური აურა მათ შესახებ მეტის გაგების სურვილს ბადებდა. ისინი თავდაჯერებული მანერით დაიარებოდნენ პოდიუმზე და როგორც სტეფანო აღნიშნავს, საკუთარ თავში გაეჭვდებდნენ, როცა მათი ვინაობის გარკვევას ცდილობდი.

ამ კოლექციით პილატის მთავარი მიზანი იყო დაეკმაყოფილებინა იმ ადამიანების სურვილი, რომლებსაც აღარ უნდოდათ ბრენდის რეკლამას მგვანებოდნენ, არამედ უბრალოდ სურდათ, ქუჩაში ამაყად ევლოთ.

Yves Saint Laurent შემოდგომა/ზამთარი 2008