ბრიტანელი ტოპ მოდელის, სტელა ტენანტის უეცარმა გარდაცვალებამ გული ყველას დაგვწყვიტა. ტრაგიკული სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ტენანტი 50 წლის იყო და მისი ავადმყოფობის, ან სიცოცხლისთვის საშიში მიდრეკილებების შესახებ ინფორმაციას პრესა არ ფლობდა. გამომდინარე აქედან, მას შემდეგ, რაც 23 დეკემბერს, სტელას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები.
ოჯახის პირველი განცხადებით, სტელას გარდაცვალება „უეცარი და მოულოდნელი იყო“, რაც შეეხება პოლიციას, მათ კომენტარზე დაყრდნობით, „ადგილზე შემჩნეული არ არის არავითარი საეჭვო გარემოება, რაც დანაშაულის შესაძლო ნიშნებზე შეიძლება მიუთითებდეს.“ 6 იანვრამდე სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. გუშინ, ცნობილ ბრიტანულ გამოცემასთან, The Telegraph- თან ინტერვიუში, ტოპ მოდელის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს ჭორები, რომ ტენანტმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
როგორც ირკვევა, ტოპ მოდელი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით გარკვეული დროის განმავლობაში იტანჯებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა მართვადი იყო. ოჯახი დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს, თუმცა უნდა აღინიშნოს სამწუხარო გარემოება, 2020 წლის აგვისტოში, ტოპ მოდელი, 21 წლიანი ქორწინების შემდეგ, თავის მეუღლეს, David Lasnet-ს დაშორდა, რომლისგანაც 4 შვილი ჰყავდა. ანონიმურ წყაროებზე დაყრნობით, სტელასთვის განქორწინება და 2020 წელს შექმნილი მძიმე ემოციური ფონი, რთული გადასატანი აღმოჩნდა.
გარდა იმისა, რომ ტენანტი 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საკულტო მოდელადაა აღიარებული, რომელიც რეკლამას უწევდა ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chanel, Versace, Burberry, Balenciaga, ბრიტანელებისთვის ის არასდროს ყოფილა უბრალოდ წარმატებული ტოპ მოდელი, რადგან მას არისტოკრატული ფესვები აქვს. სტელა დევონშირის ჰერცოგის შვილიშვილი იყო.