წამყვანი სამოდელო სააგენტო კიდევ ერთ გახმაურებულ კონტრაქტს აფორმებს. მას შემდეგ, რაც IMG Models -მა თანამშრომლობა დაიწყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ქამალა ჰარისის გერთან, ელა ემჰოფთან და ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ქალიშვილთან, ნატალია ბრაიანტთან, სააგენტო კონტრაქტს ტოპ მოდელთან დებს.
ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი, სტელა მაქსველი IMG-ის ახალი სახეა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ სერვის Hulu-ზე Victoria’s Secret-ის შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოვა, რომელიც გვაჩვენებს, როგორც ბრენდის საწყის ეტაპებს, აგრეთვე დიდების მწვერვალს და დაცემას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მედია ბრენდის მფლობელების ფინანსური მდგომარეობით უფრო ინტერესდება, რთულია არ შევამჩნიოთ კრიზისი, რომელშიც ვიქტორია სეკრეტის ტოპ მოდელები აღმოჩნდნენ.
წლების განმავლობაში, Victoria’s Secret-თან მუშაობით ძალიან ბევრმა მოდელმა წარმატებული კარიერა შეიქმნა, თუმცა რამდენადაც პრესტიჟული, მაღალშემოსავლიანი და გავლენიანი იყო 10 წლის წინ „ანგელოზის კონტრაქტი“, იმდენად უმნიშვნელო და გაუფასურებულია დღეს ის. შედეგად, რთულია დავასახელოთ ვიქტორია სეკრეტის ახალი თაობის გოგონები, რომლებიც ისეთი დიდებით სარგებლობენ, როგორც წარსულში, ტაირა ბენქსი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, მირანდა კერი. ახალი ტენდენცია კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა გასულ 2 წელში, როდესაც ვიქტორია სეკრეტის შოუ გაუქმდა.
Victoria’s Secret-ის ანგელოზებს ახლა ისე სჭირდებათ სხვა ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორც არასდროს. სწორედ ამის პირობას დებს IMG Models სტელა მაქსველთან დაკავშირებით. პირველი წარმატებული ნაბიჯი, სიახლის გავრცელების შემდეგ, მოსკინოსთან გაფორმებული კონტრაქტია. მაქსველი იტალიური ბრენდის სუნამოს ახალ სახედ დასახელდა. თუ გავითვალისწინებთ, მოსკინოს შემოქმედებითი დირექტორის, ჯერემი სკოტის სიმპატიას სტელასადმი, რომელსაც წლებია ღიად გამოხატავს, IMG Models-ისთვის ამ თანამშრომლობის მიღწევა რთული არ უნდა ყოფილიყო.
საინტერესოა, როგორ განვითარდება ბელგიელი მოდელის კარიერა, ვიქტორია სეკრეტის და მოსკინოს მიღმა, თუ შეძლებს IMG-ის გუნდი სტელა ხელახლა აქციოს მაღალი მოდის ინდუსტრიისთვის მიმზიდველ სახედ.