მოდაში მდგრადობაზე ყველაზე აქტიურად, ხმამაღლა და ეფექტურად სტელა მაკარტნი საუბრობს. მნიშვნელოვანია, რომ ის ასე ინდუსტრიისგან განცალკევებით არ იქცევა და თავის მხარეს ბევრი გადაყავს. ამჯერად მან ადიდასი მიიმხრო და მისი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პროდუქტი აქცია ეკო-მეგობრულ ქმნილებად. საუბარია Stan Smith-ზე.

„ბევრი ახალგაზრდა მოდის ჩვენს მაღაზიებში და სტენ სმიტზე კითხულობენ. აინტერესებთ რითი დამზადდა, პერსონალს ეუბნებიან რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი ტყავის ფეხსაცმელზე უარის თქმა და უპირატესობის ვეგანურისთვის მინიჭება და რას წარმოადგენს ის. ეს მომავალია,“ – განაცხადა სტელამ ბრიტანულ ვოგთან საუბრისას.

სტელას და ადიდასის სტენ სმიტისთვის ბუნებრივის ნაცვლად ყალბი, სინთეტიური ტყავია გამოყენებული. ფეხსაცმელების და აქსესუარებისთვის განკუთვნილი ტრადიციული წებო კი, რომელშიც ცხოველური წარმონაქმნები და უამრავი ქიმიური ნივთიერება გამოიყენება, გარემოსთვის არასაზიანო ალტერნატივით ჩანაცვლდა.

„მომხმარებლებს ახლა უფრო აღელვებთ რისგან და როგორ იქმნება პროდუქტი. თუმცა მგონია, რომ ხალხს არ ადარდებს ან არ შეუძლიათ იმ განსხვავების დანახვა, რომელიც ნამდვილი ტყავის ან ყალბი ტყავისგან დამზადებულ წყვილს შორის არსებობს. ეს უბრალოდ იმაზე მაფიქრებს თუ რამდენი ცხოველის გადარჩენა მოხერხდებოდა თუ სტენ სმიტი და ადიდასი ბუნებრივ ტყავს ვეგეტარიანულით ჩაანაცვლებდნენ და ისეთ წებოს გამოიყენებდა, რომელიც ცხოველებს არ ეფუძნება.“

სტელა მაკარტნი

კედი თითქმის ორიგინალის იდენტურია. თუმცა გამოყენებული მასალის გარდა მას ფერადი თასმები, ვარკსვლავებით შედგენილი სამი ზოლი და ფეხსაცმლის ენაზე წარმოდგენილი სტელას პორტრეტიც გამოარჩევს. ფეხსაცმლის შეძენა 2 დეკემბრიდან 235 ევროდ იქნება შესაძლებელი.

„მსოფლიო სასოწარკვეთილი ელოდება ცვლილებას. ახალი თაობა წამომდგარია და გვეუბნება, რომ ჩვენი სახლი ცეცხლის ალშია გახვეული და ჩვენი საპასუხო ნაბიჯი ისეთი უნდა იყოს, როგორც კრიზისულ სიტუაციას შეეფერება (იმიტომ რომ მართლა კრიზისში ვართ). როგორც ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებული ინდუსტრია, მოდა ახლა გზაჯვარედინზეა. უნდა გავერთიანდეთ და უკეთესი მომავლის ასაშენებლად მდგრადობას მივაღწიოთ.“

სტელა მაკარტნი